ეკა ბესელია:  საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა ისჯება

ეკა ბესელია: საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა ისჯება

დღეს ფოთში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და უშიშროების სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ახალგაზრდებს „ქართული ოცნების“ გაზეთები და მოსაწვევები დაუხიეს, უშიშროების თანამშრომელმა კი ახალგაზრდებს აგინა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შტაბის იურიდიული სამსხურის მიერ მომზადებულია საჩივარი და იმედოვნებს, რომ სამართალდამცავები და საერთაშორისო ორგანიზაციები რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნების“ ახალგაზრდები ფოთში აწარმოებდნენ შემოვლას და სააგიტაციო კამპანიას. ჩვენ 6 აგვისტოს პირველი დიდი შეხვედრა დავგეგმეთ ფოთის ამომრჩეველთან, იქნება საკმაოდ მასშტაბური შეხვედრა. ფოთის მოსახლეობას შეხვდებიან კოალიციის ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი წარმომადგენლები და ჩვენ ფაქტიურად ჩვენს საარჩევნო კამპანიას ფოთში 6 აგვისტოდან ვიწყებთ.  

სწორედ ამ შეხვედრის მოსაწვევებს და „ქართული ოცნების“ გაზეთებს არიგებდნენ ახალგაზრდები. იცით, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ჩამოსული იყო ფოთში, გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები  და გადაკეტილი იყო ქუჩები. ახალგაზრდებს დაეწია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, რომელმაც გაზეთები წაართვა და დაუხია. ამას ადგილობრივი უშიშროების სამსახურის წევრის მიერ ბავშვების გინება მოჰყვა. შემდეგ ეს პიროვნება მანქანაში ჩაჯდა.

 ჩვენი შტაბის იურიდიულმა სამსახურმა გააკეთა საჩივარი, რომლითაც ვითხოვთ რომ რეაგირება მოხდეს ამ ფაქტზე, იდენტიფიცირება შესაძლებელია ამ ადამიანის, რადგან ცნობილია მანქანის სერია და ნომერი და ადგილობრივების განცხადებით, იგი უშიშროების სამსახურის თანამშრომელია. ეს ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.  საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა ისჯება, როდესაც სახელმწიფო მოხელე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დემონსტრირებას ახდენს. ეს მოთხოვნა ჩვენ უკვე გავაგზავნეთ სამართალდამცავ ორგანოებში.

ჩვენ ვაწვდით ცენტრალურ შტაბს ყველა მსგავს შემთხვევას,  შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდება რეაგირებისთვის და მათთვის ეს ფაქტიც ცნობილი გახდება. იმედი მაქვს, რომ როგორც სამართლადამცავების მხრიდან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ამ ფაქტს  რეაგირება მოჰყვება“,-აცხადებს ეკა ბესელია.