სააკაშვილმა ფოთში ღვთისმშობლის ტაძარის  სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა

სააკაშვილმა ფოთში ღვთისმშობლის ტაძარის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფოთში ღვთისმშობლის ტაძარს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად ეწვია და სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პრეზიდენტის თქმით, ფოთის დამუძნებლებმა - ნიკო ნიკოლაძემ და მისმა თანამოაზრეებმა, უპირველეს ყოვლისა, ეკლესია ააშენეს, რადგან მათი იდეა იყო, რომ ქალაქი ტაძრის გარშემო უნდა გაშენებულიყო.

„მთავარი იყო, ეს ტაძარი აღგვედგინა. ახლა ქალაქიც აშენდება. გარშემო ყველაფერი ისე უნდა აშენდეს, როგორც ეს ფოთის დამფუძნებლებს ჰქონდათ დაგეგმილი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ტაძრის რესტავრაცია პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება. მასშტაბური პროექტი არა მხოლოდ ტაძრის განახლებას და მოპირკეთებას, არამედ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებასაც ითვალისწინებს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი დიდი ეზო სამების ტაძრის გარდა საქართველოში არც ერთ ეკლესიას არ აქვს.

მეუფე გრიგოლის თქმით, ფოთის ღვთისმშობლის ტაძარი საქართველოს კულტურული და სულიერი ცენტრი გახდება. ამასთან, ის ქალაქის შემკვრელი იქნება, ვინაიდან აქ ფოთის 12 სხივური ქუჩა ერთმანეთს დაუკავშირდება.

„ეს იქნება ქალაქი, სადაც ყველა გზას ტაძართან მიიყვანს ადამიანს“, -აღნიშნა მეუფემ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 სექტემბერისთვის დასრულდება.