სოსო ცისკარიშვილი: არ მოხდება არაფერი,  თუ პუტინი და სააკაშვილი არ აჩვენებენ მთელ მსოფლიოს, რომ ისინი თანამშრომლობენ

სოსო ცისკარიშვილი: არ მოხდება არაფერი, თუ პუტინი და სააკაშვილი არ აჩვენებენ მთელ მსოფლიოს, რომ ისინი თანამშრომლობენ

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ როდესაც ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა სოფლებში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, ჭირს იმის დაჯერება, რომ ხელისუფლება შფოთავს.

„ოფიციალურად ინფორმაცია არ დასტურდება, რომ სასაზღვრო სოფლებიდან ქალები და ბავშვები გაჰყავთ. თუმცა, გასაკვირია რატომ დუმს ხელისუფლება და არანაირ კომენტარს არ აკეთებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას აწყობს  და იმიტომ არის გატრუნული იმ საკითხზე, რომელიც მოსახლეობას ასე აღელვებს. გვახსოვს, როგორც ემზადებოდნენ 2008 წელს და რა ზარზეიმით შეიყვანეს ის ძალები ცხინვალში, რომლებსაც მიტინგი უნდა მოეწყოთ საოცნებო ტრიბუნაზე და საქართველოს დროშები უნდა აღემართათ. მაშინ, როდესაც რუსის ჯარი იქ უკვე იმყოფებოდა, არაადექვატური იყო აქედან გასაშლელი ტრიბუნით და დროშებით შეგებება. არ მინდა ოთხი წლის წინანდელი მოვლენების თავიდან აფორიაქება, მაგრამ როდესაც იგნორირებულია ხალხის და ქვეყნის ინტერესები და ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე არ კეთდება კომენტარი, მაშინ როდესაც ნებისმიერი პოლიტიკოსის საჯარო გამოსვლისთნავე კეთდება ხოლმე, რასაკვირველია, ჭირს იმის დაჯერება, რომ  ხელისუფლება შფოთავს.

პოლიტოლოგის განცხადებით, მიუხედავად იმის, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი კავკასიაში რუსეთის სამხედრო წვრთნებს ემთხვევა, არ მოხდება არაფერი,  თუ პუტინი და სააკაშვილი არ მოახდენენ თვითლუსტრაციას და არ აჩვენებენ მსოფლიოს, რომ ისინი თანამშრომლობენ საქართველოში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში შესანარჩუნებლად.