ვანო ჩხარტიშვილი: გადავწყვიტეთ მონაწილეობა მივიღოთ აუქციონში, შევისყიდოთ ბინები და  მეპატრონეებს დავუბრუნოთ

ვანო ჩხარტიშვილი: გადავწყვიტეთ მონაწილეობა მივიღოთ აუქციონში, შევისყიდოთ ბინები და მეპატრონეებს დავუბრუნოთ

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი  მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის მიერ, გუშინ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმარა და აღნიშნულთან დაკავშირებით,  განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, ჩხარტიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ქართველი ემიგრანტების დახმარებით, მეპატრონეებს უკანონოდ წართმეული ბინები დაუბრუნოს. 

„უცხოეთში მცხოვრები ქართველები ყველასთვის სათაყვანებელი ჭაბუა ამირეჯიბის გუშინდელმა განცხადებამ სულით ხორცამდე შეგვძრა. აშკარაა, რომ პოლიტიკურმა ბრძოლამ საქართველოში ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა.  ადამიანური და ოჯახური ღირებულებები, ასევე პირადი ქონების ხელშეუხებლობის მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებული საკონსტიტუციო ნორმა ფეხქვეშ ითელება. მე მომმართა არაერთმა ქართველმა, წარმატებულმა და შეძლებულმაც და რაც საგულისხმოა, ისეთებმაც, რომლებიც უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვნელად არიან გადახვეწილნი. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, უსამართლოდ გაჭირვებაში ჩავარდნილი ქართველების დასახმარებლად სახსრები გაეღოთ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ადამიანებს  მათი მიზნის განხორციელების საშუალება ტექნიკური მაქინაციებით მოუსპო. აღნიშნულის გამო, გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო აუქციონში, რათა შევისყიდოთ და შემდგომ მეპატრონეებს დავუბრუნოთ აუქციონზე უსამართლოდ გატანილი საცხოვრებელი ბინები. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება საბოლოოდ არ დაკარგავს სახეს, ხელოვნური ბარიერებით კვლავაც არ შეეცდება ხელის შეშლას და უსახლკაროდ არ დატოვებს ისედაც უსამართლოდ დაჩაგრულ ქართულ ოჯახებს, რომელთა ბინების გამოსასყიდად აგერ უკვე მეორე დღეა,  ქართველი ემიგრანტები ფულს მირიცხავენ“,- აცხადებს ჩხარტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჭაბუა ამირეჯიბმა გუშინ წერილი გამოაქვეყნა. „ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 3 აგვისტოს საჯარო აუქციონზე გასაყიდად გამოიტანენ იმ ქართველ მოქალაქეთა ბინებს, ვინც „ქართული ოცნების“ ფონდში გარკვეული თანხა ჩარიცხა. უმორჩილესი თხოვნით მოგმართავთ როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ შეძლებულ თანამემამულეებს, შეისყიდოთ და მფლობელებს დაუბრუნოთ ეს ბინები. ვინც ჩემს თხოვნას დადებითად გამოეხმაურება, ის არამარტო უსახლკარობისგან იხსნის 6 ოჯახს, არამედ თავისი საქციელით დიდ ზნეობრივ საქმესაც აღასრულებს. ქართველებო, ღმერთი არ ივიწყებს სიკეთეს“,- ნათქვამია ჭაბუა ამირეჯიბის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.