წიკლაური: რუსეთს ჰყავს უშუალო წარმომადგენელი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ეს ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული ოცნებაა

წიკლაური: რუსეთს ჰყავს უშუალო წარმომადგენელი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ეს ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული ოცნებაა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, რუსეთს ჰყავს უშუალო წარმომადგენელი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული ოცნება.

აღნიშნული კომენტარი წიკლაურმა გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც, ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა დაიწყეს.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარება  საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ეს არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობა. კარგია, რომ დღეს ამერიკელმა კონგრესმენებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც რუსეთს მოუწოდებენ, რომ წვრთნები გადადონ და ხელი აიღონ დესტაბილიზაციის მცდელობებზე. თუმცა, კონკრეტულად ამ ეტაპზე, მე არ ვთვლი, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის საფრთხე არსებობს. თავისთავად ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აპირებენ წვრთნების გამართვას, კიდევ უფრო ამძიმებს ამ ვითარებას. დღეს პირდაპირი თავდასხმის საფრთხე არ არსებობს!

ძალიან კარგია, რომ ჰილარი კლინტონმა სპეციალური განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დაცული იქნება ამ ტიპის ზემოქმედებისგან. ამიტომ მგონია, რომ ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა ჩვენს ქვეყანაზე და ეს არის პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობა. მითუმეტეს, რომ მათ ჰყავთ უშუალო წარმომადგენელი ქართულ პოლიტიკაში და ეს არის „ქართული ოცნება“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.