„დაყადაღებულია“ - სიმბოლური აქცია იუსტიციის სამინისტროს შენობასთან

„დაყადაღებულია“ - სიმბოლური აქცია იუსტიციის სამინისტროს შენობასთან

საქართველოში მოქმედმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა  ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდაჭერის ფარგლებში სიმბოლური აქცია „დაყადაღებულია“ იუსტიციის სამინისტროს წინ გამართეს. მათ სამინისტროს შენობასთან სიმბოლურად კარი მიიტანეს წარწერით „დაყადაღებულია“.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, დასაყადაღებელი სწორედ იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურაა.

„ამიტომ დღევანდელ აქციაზე სიმბოლურად კარი მოვიტანეთ. ეს არის სიმბოლური პროტესტი „მაესტროს“ საქმესთან დაკავშირებით და მოვითხოვთ, ტელეკომპანიას კუთვნილი ქონება -სატელიტური თეფშები დაუბრუნდეს. იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა კი იმის მაგივრად, რომ ხელს უწყობდნენ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, პირიქით იქცევიან და ცდილობენ, საზოგადოებას ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებები შეუზღუდონ“,- განაცხდა ტუღუშმა.  

აქციაზე მყოფმა მწერალმა  ბასა ჯანიკაშვილმა ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება ძვირფასია, გვერდში დგომისკენ მოუწოდა.

„ორი დღის წინ სიმბოლური აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გავმართეთ, სადაც სიმბოლური თეფში მივიტანეთ, მაგრამ ადმინისტრაციიდან ვიღაც ქალბატონი გამოვიდა და გვითხრა, რომ პრეზიდენტი ქრთამს არ იღებს და მექრთამეები ჩვენ ვართ. მე ამ ქალბატონისგან მოვითხოვ, ბოდიში მოიხადოს, ან თუ ჩვენ მექრთამეები ვართ, ეს დანაშაულია და დაგვიჭირონ“, - განაცხადა ჯანიკაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროს შენობის წინ სიმბოლური აქცია დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა.

აქციაზე სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ,  მათ შორის ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი შორენა შავერდაშვილი, სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი და ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია სამართლებრივი ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.