აკაკი ბობოხიძე „გადააგდეს“?

აკაკი ბობოხიძე „გადააგდეს“?

აკაკი ბობოხიძეს ნაციონალები „გადაგდებას“ უპირებენ. პარლამენტის ქუთაისში გადატანის ყველაზე მხურვალე მხარდამჭერი და იდეის ავტორი შესაძლოა პარლამენტს მიღმა დარჩეს.

 ეს თუ ასე მოხდა, მაშინ სწორედ ბობოხიძეზეა ნათქვამი: „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“.

აქამდე აკაკი ბობოხიძე ღიად ამბობდა, რომ ხონის რაიონში კენჭისყრის სურვილი ჰქონდა. თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ ნაციონალები სწორედ მას წარადგენდნენ ხონში, მაგრამ მოულოდნელად ვითარება შეიცვალა. ხონში შესაძლოა ისევ ამჟამინდელი დეპუტატი დავით ჭავჭანიძე წარადგინონ.

აკაკი ბობოხიძეს კი ეუბნებიან, რომ მის კანდიდატურას წყალტუბოში ან ბაღდათში დააყენებენ.  სწორედ ამის გამოა, რომ ბობოხიძე ისე ომახიანი და საკუთარ ძალებში თავდაჯერებული აღარ არის, როგორც აქამდე იყო.

ზედმეტი აქტიურობა დასჯადი რომ არის, წესით, ეს  მრავალპარლამენტ გამოვლილ ბობოხიძეს უნდა სცოდნოდა. თუმცა, მას თავის გამოჩენა იმდენად სურდა, რომ არაფერზე უარს არ ამბობდა.

ამ პარლამენტში ბობოხიძემ მოსახლეობას თავი იმით დაამახსოვრა, რომ ერთადერთი მუშტის ავტორია. მიკროფონთან მდგარ ოპოზიციონერ დეპუტატს პეტრე მამრაძეს მიეჭრა და სილა გააწნა. ეს ფაქტი მაშინ ბობოხიძეს უმრავლესობის წევრებმა პირად საუბრებში მოუწონეს და ისიც უთრეს, რომ  ამას სათანადოდ დაუფასებდნენ.   

აკაკი ბობოხიძემ ჰიბრიდული მოსავლის მხარდასაჭერადაც გამოიდო თავი და კომიტეტის სხდომაზე დიდი და პატარა ზომის სიმინდებით მივიდა. მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი იყო, მართალია ბობოხიძემ მინისტრის მხარდასაჭერი სიტყვაც წარმოსთქვა, მაგრამ ამან ვერც ჰიბრიდულ მოსავალს და ვერც კვეზერელს ვეღარ უშველა.

აღარაფერს ვამბობთ პარლამენტის სხდომაზე ბობოხიძის იმ ომახიან გამოსვლებზე, რომელსაც ის ოპოზიციონერი დეპუტატების ნერვების მოსაშლელად ხშირად მიმართავდა.

ბობოხიძის „აქტივში“ ისიც არის, რომ როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპას დედალ-მამალი მგლების გაგზავნა შესთავაზა, თუმცა ვერ განახორციელა.

ბობოხიძეს ახლა აღარც ევროპისთვის, აღარც ფლორა-ფაუნის და მითუმეტეს აღარც მგლებისთვის არ სცალია. ის უფრო მნიშვნელოვანი საქმის გარკვევით არის დაკავებული - იქნება მაჟორიტარი თუ დარჩება „გადაგდებული“?