პროკურატურამ მე-9-ე არხის ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტის გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ მე-9-ე არხის ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტის გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურამ მე-9-ე არხის ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

„2012 წლის 30 ივლისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ნოდარ ჩაჩუას მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავად ნოდარ ჩაჩუას განცხადება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ნოდარ ჩაჩუას განცხადებით, 23 ივლისს, საღამოს მას მელიქიშვილის ქუჩაზე უცნობი მამაკაცი შეხვდა და მოსთხოვა ავტომობილში ჩაჯდომა. ჟურნალისტი მოთხოვნას დაემორჩილა და  ჩაჯდა. ავტომანქანაში მას კიდევ ორი პირი დახვდა. მათ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები აჩვენეს და დაემუქრნენ, რომ თუ მათ მოთხოვნებს არ შეასრულებდა, ჩანაწერს გამოაქვეყნებდნენ.