ლანჩხუთში „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან „ქართული ოცნების“ საპროტესტო აქცია გაიმართა

ლანჩხუთში „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან „ქართული ოცნების“ საპროტესტო აქცია გაიმართა

"ქართული ოცნების" ლანჩხუთის შტაბის წევრებმა და "კარდაკარის" მონაწილეებმა საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით აქცია "საქართველოს ბანკის" ლანჩხუთის ფილიალთან გამართეს.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები - "საშიშია იყო "საქართველოს ბანკის" კლიენტი" და "ვითხოვ, მომცეთ მილიონის 7 პროცენტი".

ისინი თითოეული მათგანისთვის დავალიანებად 999.999 ლარის დარიცხვას აპროტესებდნენ. აქციის მონაწილეები შესაბამისი უწყებებისგან განმარტებას ითხოვენ თუ რატომ მოხდა მათ ანგარიშებზე ყადაღის დადება.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის წევრის, რომან ბიწაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება „საქართველოს ბანკისგან“ გუშინვე მოითხოვეს, თუმცა პასუხად ის მიიღეს, რომ  ანგარიშები დაყადაღებული არ იყო.

ამის შემდგომ ბიწაძის განმარტებით, ისევ გადაამოწმეს ანგარიშები და მდგომარეობა უცვლელი იყო - ისევ ერიცხებათ მილიონ ლარამდე დავალიანება.

აქციის მონაწილეები მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

"ქართული ოცნების" წევრების ინფორმაციით, ლანჩხუთში "ქართული ოცნების" ოფისის წევრების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. არსებული ცნობით, დაყადაღებულია ოფისის ყველა იმ წარმომადგენლის ანგარიშები, რომელსაც ბანკთან ურთიერთობა ჰქონდა. ასევე, დაყადაღდა იმ პირების ანგარიშებიც, რომლები "ქართული ოცნების" "კარდაკარის" პროგრამაში მონაწილეობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში მყოფი სულ 21 მოქალაქის ანგარიშია დაყადაღებული.