მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი  „მეცხრე არხის“ ჟურნალისტის მიმართ,  განხორციელებული ზეწოლის ფაქტს გმობს

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი „მეცხრე არხის“ ჟურნალისტის მიმართ, განხორციელებული ზეწოლის ფაქტს გმობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის   მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტის ნოდარ ჩაჩუას მიმართ,  განხორციელებული ზეწოლის ფაქტს ეხმაურება და შესაბამის განცხადებას ავრცელებს. 

განცხადების მიხედვით,   მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი  ჟურნალისტზე ზეწოლას დაუშვებლად მიიჩნევს.

ორგანიზაციის ცნობთ, ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას სამი უცნობი პირი აშანტაჟებდა და ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა, ხოლო ამის სანაცვლოდ, ფინანსურ ანაზღაურებას სთავაზობდა. ნოდარ ჩაჩუას თქმით, უცნობი პირები მას სთხოვდნენ ინფორმაციას ტელევიზიაში არსებულ სიტუაციაზე. ასევე, აიძულებდნენ, სქესობრივი კავშირი დაემყარებინა „მეცხრე არხის“ თანამშრომელ მამაკაცთან. მისივე განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა მას თავი გააცნეს რაღაც  „სამსახურის“  წარმომადგენლებად, რომლებიც  „ადამიანებს უგვარებენ პრობლემებს, მაგრამ ამასთანავე, უქმნიან ძალიან დიდ პრობლემებს“.

„აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა მოახერხა უცნობი პირების რამდენიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მითითება. კერძოდ, ცნობილია ტელეფონის ნომერი, საიდანაც მას ურეკავდნენ და იმ ავტომობილის სერია და სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ეს პირები გადაადგილდებოდნენ“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს მიაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საჭიროა, ფაქტზე დროული და მყისიერი რეაგირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მედიის წარმომადგენლების პირადი უსაფრთხოება და მსგავსი ფაქტების პრევენცია.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ჟურნალისტებზე ზეწოლის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის პირველი შემთხვევა. საია კიდევ ერთხელ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ ოპერატიული და ადეკვატური რეაგირება, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები და უზრუნველყონ იმ პირების დასჯა, ვისი დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოძიების შედეგად გამოიკვეთება“,- აცხადებენ საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში.