კალაძის ქონების დაყადაღებაზე მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დღეს გასაჩივრდება

კალაძის ქონების დაყადაღებაზე მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დღეს გასაჩივრდება

კალაძის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებენ. ამის შესახებ თადუმაძემ From.ge სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მათ 48 საათის განმავლობაში ჰქონდათ, ეს ვადა კი დღეს 17:00 საათზე იწურება.

„ჩვენ სარჩელს დადგენილ ვადებში შევიტანთ. ეს ვადა კი დღეს 17:00 საათამდე გვაქვს“, - აცხადებს თადუმაძე.

თადუმაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეში კახი კალაძე არ არის დამნაშავე, მის მიმართ ბრალდება არ არის წაყენებული, შესაბამისად მას დაკავების საფრთხე არ ემუქრება.

„უბრალოდ უკანონოდ არის დაყადაღებული მისი საბანკო ანგარიშები. ამიტომ გამორიცხულია, რომ კალაძე აღნიშულ საქმეზე ბრალდებულად იქნეს ცნობილი. ბუნებაში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ კალაძე  უკანონო შემოწირულობას ახორციელებდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება პროგნოზს, თუ რა განაჩენი შეიძლება გამოიტანოს სააპელაციო სასამართლომ, თადუმაძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში არსებული სასამართლო სისტემის პირობებში მისგან დიდს არაფერს ელოდება. სარჩელის შეტანის მიზანი კი ერთგვარი ფორმალობის დაცვა იყო.

„ჩვენი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ ნორმალურ ქართულ სასამართლო ან თუნდაც საერთაშორისო სასამართლო პირობებში სამართლიანობა აღდგეს“, - დასძინა თადუმაძემ.

ცნობისთვის, კახი კალაძის საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებს ყადაღა საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ 25 ივლისს დაადო.