„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: აშშ -ში საქართველოს საელჩო  ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: აშშ -ში საქართველოს საელჩო ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო საქართველოთი დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, გავლენიან ამერიკელ ექსპერტებსა და მკვლევარებს, პოლიტიკური შინაარსის „იმეილებს“ უგზავნის, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობს.

არასამთავრობოში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედებები  მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ სახელმწიფო რესურსების გამოყენებას წარმოადგენს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იუწყება, ერთი პარტიის ლობისტური მიზნებისთვის და შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სახელის გასატეხად დიპლომატიური სამსახურის გამოყენება დაუშვებელია და ასეთი ნაბიჯები დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკას სრულად ეწინააღმდეგება.

არასამთავრობოში აცხადებენ, რომ პოლიტიკური შინაარსის გზავნილების შესახებ, მათ  ორმა ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა გვაცნობა.

„ერთ-ერთმა მათგანმა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მეორე მდივნის ხათუნა ოყროშიძის მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილები მოგვაწოდა. პირველი წერილით ოყროშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალის“  სტატიის თარგმანს აგზავნის, რომელშიც საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი ჯონ ბასი უარყოფითად არის მოხსენიებული. საქართველოს საელჩოს თანამშრომელი ასევე წერს, რომ „ასავალ-დასავალი“  ბიძინა ივანიშვილის საყვარელი გამოცემაა და ეს გაზეთი ქსენოფობიური შინაარსის სტატიებით გამოირჩევა. მეორე წერილით ამერიკელ ექსპერტს ოყროშიძე უგზავნის ამონარიდებს სხვადასხვა ქართული გაზეთიდან, რომლებშიც პოლიტიკური პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“  წარმომადგენლების პოზიციებია დაფიქსირებული. საელჩოს თანამშრომელი იქვე აღნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური პარტია კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გახდა და იგი გამოირჩევა ანტიდასავლური და საქართველოს ნატოში გაწევრების საწინააღმდეგო პოზიციით, ასევე სურს ქვეყანაში ბელორუსის მსგავსი ჩაკეტილი ეკონომიკის შექმნა, რომლის მთავარი პარტნიორიც რუსეთი იქნება. კიდევ ერთმა ამერიკელმა მკვლევარმა ასევე მოგვწერა, რომ მსგავსი ტიპის ელექტრონულ წერილებს საქართველოს საელჩოსგან ისიც ხშირად იღებს“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის განმარტებით, ასეთი ქმედებები უხეშად არღვევს ქართულ კანონმდებლობას და  დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებულ დიპლომატიურ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, „დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან პირი წყვეტს ნებისმიერ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში დიპლომატიური თანამდებობის პირი პოლიტიკურად ნეიტრალურია და არა აქვს უფლება, ეწეოდეს საქმიანობას/პროპაგანდას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის, გაერთიანების სასარგებლოდ ან წინააღმდეგ“. გარდა ამისა, დიპლომატიური სამსახურის ასეთი საქმიანობა ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში დიდ სკანდალს გამოიწვევდა, შესაბამისად, თუ გვსურს მაღალგანვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, მსგავსი ტიპის შემთხვევები აუცილებლად უნდა იქნეს თავიდან აცილებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი, მიიღოს შესაბამისი ზომები და არ დაუშვას დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზება. ასევე მიმართავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და გასცეს რეკომენდაციები, რათა მსგავსი ქმედებები მომავალში აღარ განმეორდეს.