გელა ნიკოლეიშვილი: ზაზა სოფრომაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

გელა ნიკოლეიშვილი: ზაზა სოფრომაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრის, ზაზა სოფრომაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, სოფრომაძის მეუღლისგან წუხელ ღამით 5 საათზე შეიტყო, რომ სამოქალაქო ფორმაში გადაცმული 10-მდე პირი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შსს წარმომადგენლები იყვნენ 4 საათისთვის  შევიდნენ მათ სახლში და ზაზა წაიყვანეს. სოფრომაძის მეუღლე აცხადებს, რომ წაყვანისას მათ არაფერი უთქვამთ გარდა იმისა, რომ მალე დააბრუნდნენ, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ გაუგიათ.

„მე დილის 5 საათიდან დავეძებ მას, ვიყავი მოდულის შენობაში, სამმართველოს შენობაში, ვიყავი მთავარ პროკურატურაში, მაგრამ ვერსად ვერ მივაგენი. მოდულში მითხრეს, რომ იქ არ იყო, მთავარ პროკურატურაში არც უარყვიათ და არც დაუდასტურებიათ მისი იქ ყოფნა. მითხრეს ვიღაცეები მოიყვანეს მაგრამ არ აღგვირიცხიაო, ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, კანონის მიხედვით, სოფრომაძისთვის აქამდე შეხვედრის ან დარეკვის უფლება მაინც უნდა მიეცათ, რაც არ გააკეთეს. გარდა ამისა, ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ სამი საათის განმავლობაში ისინი ვალდებულები იყვნენ ოჯახის წევრებისათვის დაერეკათ და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ და აღნიშნა, რომ არც ეს არ შსს-ს წარმომადგენლებმა არც ეს არ გაითვალისიწინეს.

ნიკოლეიშვილის თქმითვე, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ოფისში დღეს საგანგებო, ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართება, სადაც ინფორმაციას ამ ყველაფრის შესახებ მედიის წარმომადგენლებს მიაწვდის.

ის ვარაუდობს, რომ მისი შსს-ს წარმომადგენლების მიერ სოფრომაძის დაკავება მის ძველ სამსახურს უკავშირდება.

„ამის მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, თუმცა დანამდვილებით არაფერი ვიცით“, - დასძინა ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, 2004 წლიდან ზაზა სოფრომაძე სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ კი, ამავე ფონდის გენერალური დირექტორი იყო. 

2008 წლიდან იგი სადაზღვევო კომპანია “აი სი ჯგუფში” სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორად მუშაობდა. 

ზაზა სოფრომაძე 1995 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და სოციალური დაცვის და შრომითი ურთიერთობების ქვეკომიტეტს თავმჯდომარეობდა.