საქალაქო სასამართლომ კახა კალაძის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო

საქალაქო სასამართლომ კახა კალაძის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო

პოლიტიკური კოალიცა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, გიორგი გოგინაშვილმა მთავარი პროკურატურის პროკურორის, ელიზბარ გოზანაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე კახა კალაძის საქართველოში არსებულ  საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენიცაზე განაცხადა. ფანჯიკიძის განმარტებით, კალაძის საბანკო ანგარიშებს ყადაღა იმ მოტივით დაედო, რომ თითქოს არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმასთანა დაკავშირებით, რომ კალაძე უკანონო თანხების ლეგალიზაციას ახორციელებს.

„აღნიშნული განჩინების მიზნად მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი მიუთითებს კახა კალაძისთვის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფას“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ განჩინების შინაარსიდან ჩანს, რომ ხელისუფლება კახა კალაძის მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.

ფანჯიკიძის თქმით, საზოგადოებისთვის კახა კალაძის წარმატება ერთმნიშვნელოვნად ცნობილია და შესაბამისად მისი შემოსავლის წარმომავლობა ყველასთვის გამჭირვალე და დასაბუთებულია.