მერაბ ქვარაია: ნაროუშვილმა სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა

მერაბ ქვარაია: ნაროუშვილმა სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა, მერაბ ქვარაიამ ცაიშის ინციდენტის ფაქტზე ისაუბრა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც  ინციდენტის შემდეგ დაკავებული პოლიციელის, გელა ნაროუშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტზე ისაუბრა.

 მისი განცხადებით, გათავისუფლებული პოლიციელი არის ის ადამიანი, რომელმაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

 „პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე ხელისუფლების დავალებას ჯეროვნად ასრულებდა შეეწირა იმას, რომ თურმე მან ამჯერად არაჯეროვნად შეასრულა ხელისუფლების დავალება. საზოგადოების გულისწყრომის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი იძულებული გახდა ეს ადამიანი გამოეყენებინა განტევების ვაცად და გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან“, - განაცხადა ქვარაიამ და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი კარგად მოწმობს და მეტყველებს ხელისუფლების სახეზე, თუ როგორ ექცევა ის თავის მოქალაქეებს.

ამიტომ ქვარაიამ ძალოვან სტრუქტურებში მყოფ ადამიანებს ურჩია გაითვალისწინონ ეს ფაქტი და არ შეასრულონ ხელისუფლების დაკვეთა.

 შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მკვიდრი როზა წყაბელია სამეგრელოში პრეზიდენტის ვიზიტისას ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, რა დროსაც მასთან ამავე სოფლის მკვიდრები: ბაკურ მალიშავა და გია გუგუჩია მივიდნენ და ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს.

 შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გუშინ, 25 ივლისს დაკავებულ იქნა ბაკურ მალიშავა და გია გუგუჩია. ხოლო, ინციდენტის თვითმხილველი პოლიციელი, გელა ნაროშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.