ნოდარ ხადური: ხელისუფლებას  თავდაპირველად ზარალი უნდა აღერიცხა

ნოდარ ხადური: ხელისუფლებას თავდაპირველად ზარალი უნდა აღერიცხა

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ნოდარ ხადურის შეფასებით, სტიქიის შედეგად, დაზარალებული მოსახლეობის საკონპენსაციოდ 300 - დან 1500 -მდე ლარის შეთავაზება მოსახლეობის დაცინვაა.

ხადურის განცხადებით, შეთავაზებული დახმარება მაქსიმუმ 1500 ლარი ძალიან ცოტაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც  ხელისუფლებას დათვლილი არ აქვს ზუსტად,  ამ მოსახლეობას  რა რაოდენობის ზარალი მიადგა.

შესაბამისად ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უნდა  ცდილობდეს, დახმარება  ზიანის ადექვატური იყო.

„რეალურად, ხელისუფლებამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ არა 162 მილიონი ლარი არამედ, 50 მილიონი გამოყო და შესაბამისი ფონდიც შეიქმნა.  მიმაჩნია, რომ  ეს თანხა ნამდვილად არაა საკმარისი მაშინ, როდესაც  ხელისუფლება თვითონ ამბობს, რომ ზარალი  162 მილიონია. ეს მოსახლებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ხელისუფლება  ამ მიმართულებით აქტიურობს, თუმცა პირველი რაც უნდა გაეკეთებინათ, ეს  ზარალის ზუსტი აღრიცხვაა. ზარალის სრულყოფილი აღრიცხვის შემდეგ,  აუცილებელია  მისი სრულყოფილი ანაზღაურება მოხდეს“, - განაცხადა ხადურმა.

შეკითხვის პასუხად, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ იმ თანხაზე მონიტორინგის განხორციელებას, რომელიც ბიუჯეტში  კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა ხადური აცხადებს, რომ ამ სახსრებზე მონიტორინგი ძალიან ადვილია.

„ჩვენი აქტივისტები, სტიქიისგან დაზარალებული რეგიონების  მაჟორიტარი კანდიდატები  და საზოგადოებრივი ორგანიზაციები დაზარალებულ ადამიანებთან ყოველდღიურ კონტაქტში იქნებიან. ისინი აქტიურად აღწერენ სიტუაციას და მათ ექნებათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ეს ადამიანები  თუ რა მოცულობის დახმარებას მიიღებენ შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება მუდმივი მონიტორინგი და გვეცოდინება ხელისუფლებამ რა და როგორ დახარჯა ამ მიმართულებით,  იმ ადამიანთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,  რომლებმაც სერიოზული სტიქიური უბედრების ზეგავლენა იწვნიეს“, - განაცხადა ხადურმა.