„ქართუ ბანკს კვლავ ნოდარ ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს

„ქართუ ბანკს კვლავ ნოდარ ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს

"ქართუ ბანკის" პრეზიდენტად ისევ ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ჯავახიშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის დოკუმენტს კომპანიის დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ ხელი გუშინ მოაწერა, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება გააუქმდა აღნიშნა, რომ მათ შორისაა ის გადაწყვეტილება, რომელიც სამსახურიდან მის გათავისუფლებას ეხებოდა.

„უგულავამ თავის საოქმო გადაწყვეტილებით აღმადგინა ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე. დარჩა ფორმალური მხარე, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციას გულისხმობს. ამის შემდეგ კი შემიძლია ვთქვა, რომ ძველი უფლებამოსილებით ვსარგებლობ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა და აღნიშნა, რომ „ბანკი ქართუ“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ასე გაგრძელდება ამის შემდგომაც.

რაც შეეხება სამომავლოდ ხელისუფლებისგან რაიმეს  სახის ზეწოლას, ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ვერაფერს იწინასწარმეტყველებ და მისგან არაფერს გამორიცხავს.

„რატო უნდა ვიფიქროთ ეხლა გუშინდელი დღიდან უკვე მორჩა ხელისუფლების აგრესია, სამოთხეში ვართ და ყველაზე დემოკრატიული და ბიზნეს ხელშემწყობი ხელისუფლება გვყავს? ეს ერთ დღეში არ იცვლება“, - დასძინა ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, ნოდარ ჯავახიშვილი "ქართუ ბანკის" პრეზიდენტად 2011 წლის ოქტომბერში დაინიშნა. სასამართლოს მიერ "ქართუ ჯგუფის", რომელიც "ქართუ ბანკის" აქციების 100%-იან წილს ფლობს, დაყადაღების შემდეგ კომპანიის დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ ჯავახიშვილი და "ქართუ ბანკის" სხვა ხელმძღვანელი პირები თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჯარიმა გადაიხადა, აღსრულების ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყადაღის გადაწყვეტილების გაუქმების შუამდგომლობით მიმართა. სასამართლომ შუამდგომლობა დღეს უნდა დააკმაყოფილოს.