"ქართუ ჯგუფის", ბანკ "ქართუსა" და "პროგრესბანკის" საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს

"ქართუ ჯგუფის", ბანკ "ქართუსა" და "პროგრესბანკის" აქციებს ყადაღა დღეს უნდა მოეხსნას, რის საფუძველზეც იძულებითი მმართველობაც უნდა გაუქმდეს.

ყადაღის მოხსნის, ქონების იძულებითი მართვის შეწყვეტისა და მისი მესაკუთრისთვის მმართველობაში დაბრუნების მოთხოვნით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასამართლოს გუშინ მიმართა. ამის შესახებ აღნიშნულმა უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ქონების იძულებითი მართვის შეწყვეტისა შესახებ სასამართლომ 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს.

როგორც ადვოკატმა, სანდრო ბარამიძემ From.ge-ს განუცხადა, ყადაღა ჯერჯერობით არ მოხსნილა. მისი თქმით აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 14:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

„2012 წლის 24 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა სრულად დაფარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლებით დაკისრებული თანხა 74,325,065.65 ლარი და აღსრულების საფასური 5,202,754.60 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 15 ივნისის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს დაეკისრა ჯარიმა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ უკანონო შეწირულობის განხორციელებისთვის. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული #4/ა-131-12 და #4/ა-129-12 სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ აუქციონზე, რომელზეც გამოტანილი იყო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სს ,,ქართუ ჯგუფში" და აქციების 21.7% სს "პროგრეს ბანკში", აქციების რეალიზაცია არ მოხდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სს ,,ქართუ ჯგუფი"-ს აქციათა 100%-ისა და სს ,,პროგრეს ბანკი"-ს აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად 24 საათის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას ქონების იძულებითი მართვის შეწყვეტისა და მისი მესაკუთრისთვის მმართველობაში დაბრუნების შესახებ", - აღნიშნული იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს გუშინდელ განცხადებაში.

ამასთან, დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ გუშინ განაცხადა, რომ დღეისთვის მმართველის უფლება-მოსილება შეუწყდება.

ბიძინა ივანიშვილმა 80 მილიონის გადარიცხვის შესახებ 24 ივლისს განაცხადა. მისივე განცხადებით, ჯარიმის გადახდა კახეთში სტიქიური უბედურების შედეგების ლიკივიდაციას უკავშირებდა.