მიხეილ სააკაშვილმა ლევან ბეჟაშვილი კახეთში თავის პირად წარმომადგენლად დაასახელა

მიხეილ სააკაშვილმა ლევან ბეჟაშვილი კახეთში თავის პირად წარმომადგენლად დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთის რეგიონში მის პირად წარმომადგენლად და საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელად ლევან ბეჟაშვილი დაასახელა.

 პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბეჟაშვილი სათავეში ჩაუდგება კახეთის აღდგენისა შტაბს და იმ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებებს ახორციელებს.

პრეზიდენტმა ბეჟაშვილის საქციელი აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვება და სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯი „ვაჟკაცურ“ ნაბიჯად შეაფასა.

„როგორც გავიგე, გინდა დაეხმარო შენს მშობლიურ კუთხეს, კახეთს. რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღე, მინდოდა მეთხოვა, ჩაუდგე სათავეში საკოორდინაციო შტაბს, კახეთის აღორძინების და აღდგენის შტაბს, იყო იქ მთავრობის და ჩემი - პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი", - მიმართა პრეზიდენტმა ლევან ბეჟაშვილს.

ბეჟაშვილს სახელმწიფო თანხის განკარგვის დიდი გამოცდილება აქვს, რაც მოვალეობის შესრულების დროს მას გამოადგება.

„დღეს პარლამენტმა გამოყო დიდი თანხა და, საბოლოოდ, რამდენიმე ასეულ მილიონზე ავალთ. ყოველ მე-3, მე-4 დღეს მეც იქ ვრჩები, ჩემს სახლში, რომ ადგილზე ვაკონტროლო სამუშაოები", - აღნიშნა სააკაშვილმა.

როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, დაახლოებით, 1045 სახლი და 109 კორპუსია დაზიანებული. 

„დანაპირებს ბოლომდე შევასრულებთ და გაჭირვებასთან პირისპირ არავის მივატოვებთ. ხალხმა დაინახა, რომ მთავრობა ეფექტიანია და მოწოდების სიმაღლეზე დგას“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ გადარჩენილ ვენახებში საუკეთესო რთველი უნდა ჩატარდეს.

ცნობისთვის, პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება რთველის დროსაც.

ლევან ბეჟაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა სტიქიისგან დაზარალებული კახელების დახმარების საბაბით დატოვა. პარლამენტმა აღნიშნულ პოსტზე მის შემცვლელად ლაშა თორდია დაამტკიცა.