საია:  ცაიშში მომხდარი ფაქტი მიუკერძოებელ გამოძიებას საჭიროებს

საია: ცაიშში მომხდარი ფაქტი მიუკერძოებელ გამოძიებას საჭიროებს

საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მომხდარ ინციდენტზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს. ამის შესახებ საიამ დღეს განცხადება გაავრცელა.

ბოლო დროს გახშირებულია ისეთი შემთხვევები, როცა მოქალაქეებს მოსახლეობასთან შეხვედრაზე პრეზიდენტთან მისვლის და მოსაზრების გამოთქმის საშუალება არ ეძლევათ, ამასთანავე, ისინი სხვადასხვაგვარი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, რაც მათი შეფასებით შემაშფოთებელია.

საიას ცნობით, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ცაიშში მცხოვრებ როზა წყაბელიასთან მიმართებაში დაფიქსირსა, რომელსაც სურდა, საკუთარი გასაჭირის შესახებ პრეზიდენტისთვის მოეთხრო. პრეზიდენტთან შეხვედრამდე ის ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, რაომლის დროსაც მასთან უცნობი პირები მივიდნენ, არ მისცეს ინტერვიუს დასრულების საშუალება და იძულების წესით გაათრიეს შემთხვევის ადგილიდან.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოძალადეების მიერ მოქალაქის იძულების წესით გაყვანის ფონზე ჩანს პოლიციელი, რომელიც დანაშაულზე კი არ ახდენს რეაგირებას, არამედ კამერას უშლის ხელს გადაღებაში და საიას ცნობით ეს მედიასაშუალებებმაც კარგად დააფიქსირეს.

„ქალბატონი წყაბელია სრულად ყვება იმ ძალადობის შესახებ, რაც თავს გადახდა. ის ამბობს, რომ 4-მა პირმა, რომელთაგან 2-ს პირადად იცნობს და დანარჩენი 2-ის ამოცნობაც შეუძლია, იგი ძალის გამოყენებით წაიყვანა და ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობის სარდაფში შეაგდო. სარდაფში მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია მივიდა, რომელმაც, წყაბელიას მხრიდან თვითმკვლელობის მუქარის შემდეგ, მოძალადეებს მის გაშვებისკენ მიუთითა. წყაბელიასთან მივიდა ადგილობრივი პოლიციის უფროსი ქირიაც, რომელმაც, წყაბელიას მონაყოლით, მოტყუებით გაიყვანა ის გარეთ, სადაც შეუკრეს ხელ-ფეხი და სახლში მიიყვანეს. დაზარალებული წყაბელია იხსენებს უბნის რწმუნებულსაც, რომელიც მას ეჩხუბა და ფული შესთავაზა. წყაბელია ფულის აღებაზე უარს ამბობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საიას განმარტებით, აღნიშნული ძალადობა განხორციელდა კამერების წინ და მისი ამსახველი მდიდარი ვიდეომასალა მედიითაა გავრცელებული. წყაბელიას მონათხრობიდან კი ორგანოზაციის თქმით, ერთდროულად რამდენიმე დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება, რომელშიც რამდენიმე პირი, მათ შორის, საჯარო მოხელეები მონაწილეობენ.

ორგანიზაციის ცნობით, წყაბელია ინციდენტის აღწერისას ასახელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას, ადგილობრივი პოლიციის უფროსს ქირიას და უბნის რწმუნებულს. დაზარალებულის მონათხრობიდან იკვეთება, რომ აღნიშნული პირები უშუალოდ მონაწილეობენ დანაშაულში, რომლის დროსაც აძლევენ მითითებებს დანარჩენ პირებს და კოორდინირებულ ქმედებებს ეწევიან.

ამიტომ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ შსს-ს მიერ განხორციელებული რეაგირება არ არის საკმარისი და არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. გარდა ამისა, გამოძიების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარმართვისთვის, საქმეზე გამოძიება უნდა აწარმოოს არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ საქართველოს პროკურატურამ.

„მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა განახორციელოს არა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ, არამედ პროკურატურის ისეთმა მიუკერძოებელმა სტრუქტურულმა ერთეულმა, რომელსაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია“- აცხადებენ ორგანიზაციაში და მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ როზა წყაბელიას უსაფრთხოების დაცვა გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში.