ბათუმის მერიამ „ქართულ ოცნებას“ აქციის ჩასატარებლად „საოცრებათა მოედანი“ გამოუყო

ბათუმის მერიამ „ქართულ ოცნებას“ აქციის ჩასატარებლად „საოცრებათა მოედანი“ გამოუყო

ბათუმის მერია თანახმაა, 5 აგვისტოს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის ჩასატარებლად „საოცრებათა მოედანი“ გამოიყოს. ამასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გელა მახარაძის განცხადებიდან გახდა ცნობილი.

განცხადებაში თანახმად, ბათუმის მერია იმედს იტოვებს, რომ აქციის ორგანიზატორები არ მოაწყობენ ექსცესებს და ბოროტად არ ისარგებლებენ ბათუმელების სტუმართმოყვარეობით.

"ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები მოგვმართავდნენ თხოვნით, აქციების ორგანიზების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: ბათუმელები ვამაყობთ იმ აღმშენებლობით, რომელიც ჩვენს ქალაქში ხდება, ამიტომ ჩვენს მიღწევებს სიამოვნებით ვუჩვენებთ ყველა ჩამოსულს, მათ შორის მათას, ვისაც შესაძლოა სულაც არ ახარებდეს მიმდინარე აღმშენებლობა. 
იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერი ხმაურიანი პოლიტიკური აქცია ცოტა ხნით მაინც შეუქმნის დისკომფორტს ბათუმელებსა და დამსვენებლებს, ჩვენ მზად ვართ, მსურველ პოლიტიკურ ორგანიზაციებს დავუთმოთ ჩვენი ქალაქის ყველაზე დიდი და ლამაზი მოედანი, "საოცრებათა მოედანი", რომელიც მთელი მსოფლიოს თვალში საქართველოს განვითარებისა და აღმშენებლობის სიმბოლოდ იქცა, ისევე როგორც, ახლად აშენებული ბათუმის ნებისმიერი საზოგადოებრივი შეკრებისათვის განკუთვნილი სხვა თვალწარმტაცი ადგილი. 
ბუნებრივია ვიტოვებთ იმედს, რომ აქციის ორგანიზატორები არ მოაწყობენ ექსცესებს და ბოროტად არ ისარგებლებენ ბათუმელების სტუმართმოყვარეობით", - აღნიშნულია გელა მახარაძის განცხადებაში.