ნაციონალების სიის პირველი ნომერი ლევან ბეჟაშვილი იქნება

ნაციონალების სიის პირველი ნომერი ლევან ბეჟაშვილი იქნება

ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი ლევან ბეჟაშვილი იქნება. როგორც from.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ლევან ბეჟაშვილის გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი მხოლოდ  მაჟორიტარად კენჭისყრა არ იქნება და ის მმართველი პარტიის სიას სათავეში ჩაუდგება.

ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობოდან წასვლის მიზეზად ის დაასახელა, რომ კახეთს უჭირს და კახელების გვერდით უნდა დაუდგეს. თავდაპირველად ის კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო ფონდს ჩაუდგება სათავეში, შემდეგ კი ნაციონალების საარჩევნო სიას.

ბეჟაშვილი პარლამენტის წევრი ერთხელ უკვე იყო. ის წინა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ბეჟაშვილს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ის კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულიც იყო.   

ლევან ბეჟაშვილის ნაციონალური მოძრაობის სიის პირველ ნომრობას ოფიციალურად არ ადასტურებენ უმრავლესობის წევრები.    

„ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. ძალიან ადრეა სიაზე საუბარი. ჯერჯერობით, არჩევნების თარიღი ცნობილი არ არის. ჩვენი კანონმდებლობით ყველაფერს თავის ვადა აქვს. იმ ვადაში რა ვადაც კანონით არის დადგენილი ყველსთვის ცნობილი გახდება თუ ვინ იქნება პირველი ნომერი და ვინ იქნება სიაში“, – განუცხადა from.ge-ს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

მმართველ პარტიაში იმასაც ამბობენ, რომ დავით  ბაქრაძე საარჩევნო სიის პირველი ნომერი იმიტომ არ იქნება, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ დიდი დროა და 2013 წლამდე რა მოხდება, ძნელი სათქმელია.