ჭიაბერაშვილმა  თიანეთში მცხოვრებ ბუჭყურაშვილების ოჯახს დაზღვევის სახელმწიფო პოლისები პირადად გადასცა

ჭიაბერაშვილმა თიანეთში მცხოვრებ ბუჭყურაშვილების ოჯახს დაზღვევის სახელმწიფო პოლისები პირადად გადასცა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თიანეთში მცხოვრებ ბუჭყურაშვილების ოჯახს ესტუმრა და ტყუპი ძმების - 5 წლის საბასა და ბექასათვის, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების გადაცემა პირადად უზრუნველყო. ტყუპი ძმების საპენსიო ასაკის ბებიამ და ბაბუამ - ქალბატონმა პარასკომ და ბატონმა ელიზბარმა, მათთვის კუთვნილი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები რამდენიმე დღით ადრე პენსიასთან ერთად „ლიბერთი ბანკი“- ს ფილიალში მიიღეს. ოთხივე მათგანი: როგორც შვილიშვილები, ასევე ბებია და ბაბუა კუთვნილი პოლისებით სარგებლობას 2012 წლის 1 სექტემბრიდან შეძლებენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ოჯახის წევრებს პოლისით გათვალისწინებული მომსახურებებისა და სარგებლობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ოჯახის წევრებთან საუბრისას მინისტრმა ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობასა და დაზღვეულთა წრის გაფართოების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

2012 წლის 15 ივლისიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ

ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პოლისების დარიგება დაიწყო. 0-დან 5 წლის ბავშვების და საპენსიო ასაკის მოსახლეობის გარდა, 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევას ასევე მიიღებენ სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები.

მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ სახელმწიფო რეგულარულად აფართოვებს დაზღვეულთა წრეს. ამჟამად სახელმწიფო დაზღვევით 900 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს, 2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით მილიონზე მეტ ადამიანს დააზღვევს. კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა 500 ათას მოქალაქეს აღწევს. შესაბამისად 2012 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება.