დიმიტრი ლორთქიფანიძე: საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი არალეგალების უმრავლესობა არჩევნებში ოპოზიცურ პარტიებს მისცემს ხმას

დიმიტრი ლორთქიფანიძე: საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი არალეგალების უმრავლესობა არჩევნებში ოპოზიცურ პარტიებს მისცემს ხმას

საპარლამენტო „ფრაქცია სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს საზღვარგარეთ საცხოვრებლიდან ცნობას სთხოვენ იმიტომ, რომ ხელისუფლება მათ არასანდო ელექტორატად მიიჩნევს.

-რატომ გახდა საჭირო საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისგან, ქართული საკონსულოებისგან  საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა?

-2012 წლის 11 ივლისის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიდან გამომდინარე მოთხოვნით,  მინისტრ ვაშაძის ბრძანების საფუძველზე,  საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისგან,  საცხოვრებელი ადგილიდან ცნობას ითხოვენ. ეს არის პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი აქტი და მიმართულია ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ, რადგან საქართველოს ხელისუფლებას  მათ ზღუდავს საარჩევნო ხმის რეალიზაციის კუთხით. საქართველოს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქე საარჩევნო ხმის უფლებით სარგებლობს, ამისთვის მან ე.წ საკონსულო რეგისტრაცია უნდა გაიაროს იმ ქვეყანაში, რომელიშიც ცხოვრობს. დღეისთვის, საკონსულო რეგისტრაციის გავლამდე მას საზღვარგარეთ საცხოვრებლიდან ცნობას სთხოვენ. ეს ცნობა  კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან უნდა მოიპოვო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საზღვარგარეთ ლუკმაპურისთვის წასული ჩვენი თანამემამულეების აბსოლუტური უმრავლესობა არალეგალურად ცხოვრობს, ის უბრალოდ არ მივა და არ აიღებს  ამ ცნობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან.

-ამ შემთხვევაში მათ ამ ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრებათ...

-ბუნებრივია. ევროკავშირის ქვეყნებში 2011 წლიდან ამოქმედდა რეადმისიის წესი, ადგილობრივი პოლიციისა და საემიგრაციო სამსახურების მიერ, რაც უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მოქალაქის გამოვლენას და მის დეპორტირებას ითვალისწინებს. რეადმისიის წესის მიხედვით, დეპორტირების ხარჯებს მთლიანად საქართველო კისრულობს. ეს არის წახალისება ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის,რ ომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ასეთი არალეგალები გამოავლინონ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე, ვინაიდან მათი დეპორტაციის ხარჯები საქართველომ უნდა გაიღოს.

ევროკავშირმა მოსთხოვა საქართველოს ვალდებულებები აიღოს. რეადმისიის წესი ვრცელდება იმ მესამე ქვეყნის მოქალაქეებზეც, რომლებიც საქართველოს გავლით შევიდნენ ევროკავშირის სახელმწიფოებში,მაგალითად ჩინელები, კამბოჯელები, ვიეტნამელები, გარდა ამისა, საქართველო ვალდებულებს იღებს ამ წესის მიხედვით, ერთგვარი ბანაკებიც ააშენოს, მათი განთავსებისა და რეაბილიტაციის მიზნით.

რაც შეეხება, ზემოთნახსნებ ნორმატიულ აქტს, ეს არის ერთგვარი შანტაჟის ფორმა, რასაც  ნორმატიული აქტით მიმართავს ხელისუფლება, ამ აქტის გამომცემელი კი საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი პირი გრიგოლ ვაშაძე გახლავთ, რომელსაც  ჯერჯერობით, განმარტებები ამ მზაკვრულ გეგმასთან დაკავშირებით, მათ შორის არც ხელისუფლებას,  არ გაუკეთებია. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გაგვცეს  ამაზე პასუხი. არცერთ სახელმწიფოში არ მოქმედებს მსგავსი პრაქტიკა, რაც ამ აქტით არის განსაზღვრული.

-ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება საარჩევნოდ საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა ხმებს იყენებდა. ამ შემთხვევაში, აშკარა შეუსაბამობა ჩნდება.

-პარლამენტმა ოთხი-ხუთი თვის წინ მიიღო კანონი თანამოქალაქეთა სტატუსის შესახებ, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გამოიცა სპეციალური მოწმობები, 30 000 ეგზემპლიარის სახით, რომელსაც შემდგომ  კიდევ რამდენიმე ათასი დაემატა. ეს მოწმობები განსაზღვრულ იქნა ჩვენი იმ თანამოქლაქეთა მიმართ, რომლებიც ხელისუფლების თვალში ნდობით სარგებლობენ. ლუკმაპურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწილი ათასობით  მოქალაქეები, ოპოზიციურად განწყობილნი არიან ამ ხელისუფლების მიმართ.  მარტო 155 000 ქართველი ცხოვრობს ათენში, ეს ინფორმაცია საბერძნეთში საქართველოს კონსულმა ირაკლი თავართქილაძემ მომაწოდა. ამ ხალხს ისინი არ თვლიან სანდო ელექტორატად და სწორედ ოპოზიციურად განწყობილ თანამოქალაქეთა მიმართ ამოქმედდა ეს კანონი,  რომლის თანახმად, ვიმეორებ, თუ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, მივიდეს საქართველოს საკონსულოში და არჩევნებში მონაწილეობა მიღოს, მას ამის საშუალება არ ექნება, რადგან არ გაიშიფროს, რომ იგი არალეგალურად ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე.

-აცხადებთ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი არალეგალების უმრავლესობა არჩევნებში „ქართულ ოცნებას“  მისცემს ხმას?

-საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი არალეგალების უმრავლესობა არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს მისცემს ხმას და ხელისუფლება ამაში დარწმუნებულია. ისინი ადგილზე სწავლობენ განწყობებს. ამ ნორმატიული აქტის მიღების კატალიზატორი აღმოჩნდა  ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები აშშ-ი და ევროპის ბევრ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენმა თანამემამულეებმა გამართეს. ყველგან, სადაც ქართული დიასპორა ცხოვრობს, ოპოზიციურად განწყობილ პიროვნებებს პრობლემები შეექმნებათ. მათ ერთმევათ იმის უფლება, რომ თავისი ხმა შეუერთონ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს. ისინი  არჩევანის წინაშე დგანან, თუ აიღებენ  ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან, მაშინ მათ უნდა დატოვონ ის ქვეყანა, სადაც ოჯახისთვის ლუკმაპურს შოულობენ.

-თუ არსებობს რაიმე დამცავი მექანიზმი?

არაფერი გარდა იმისა,  რომ ვაიძულოთ გრიგოლ ვაშაძე, ძველ, ტრადიციულ რეჟიმში დააბრუნოს საკონსულო რეგისტრაცია. ისევე, როგორც ნებისმიერი სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, ასევე უნდა ზრუნავდეს საქართველოს ხელისუფლებაც, რომელიც საკონსულო რეგისტრაციაში ბარიერებს უქმნის საკუთრ მოქალაქეებს.