ლევან იზორია: ზეწოლის მუხედავად, მოსახლოება დაპანიკებული არაა, ხელისუფლება კი აგონიაშია

ლევან იზორია: ზეწოლის მუხედავად, მოსახლოება დაპანიკებული არაა, ხელისუფლება კი აგონიაშია

კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩხოროწყუში, ლევან იზორია მოსახლეობასთან შეხვედრის პროცესში მის მიმართ განხორციელებული ზეწოლების დეტალებზე საუბრობს.

 როგორც იზორიამ From.ge სთან საუბარში განაცხადა, ხელისუფლების მიერ გამოწვეული არაერთი პროვოკაციის მიუხედავად მოსახლეობასთან შეხვედრა მაინც შედგა.

 როგორც იზორია იხსენებს,  აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იქვე სახლიდან ქალის კივილი გაისმა, რომელიც დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა. მათ ჩათვალეს, რომ იმ სახლში ვიღაც გარდაიცვალა და მორალური პრინციპების გამო აქციის ჩატარებაზე უარი თქვეს, თუმცა ამ ფაქტის გარკვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში არაფერი არ ხდებოდა და ქალი კონკრეტულად „ვიღაცის“ დავალებით კიოდა.

 ამის შემდეგ, იზორიას განცხადებით, აქციის განახლება გადაწყვიტეს, თუმცა ამჯერად მიმდებარე ტერიტორიაზე ჯიპით მთვრალი ადამიანი შემოვარდა, წრე დაარტყა და მის დაჯახებას შეეცადა.

„ეს ფაქტი ინფო 9 -ს კარგად აქვს აღბეჭდილი და მას დღეს მიაწვდის ცენტრალურ ოფისს. პოლიცია კი იქვე იდგა და იმის ნაცვლად, რომ რეაგირება მოეხდინა, მანქანის წასვლის შემდეგ უკან გაყვა და გაურკვეველი მიმართულებით მიაცილა“, - განაცხადა მან.

ამ შეხვედრაზე მომხდარი პროვოკაციებიდან კი, იზორიას განცხადებით, მესამე ფაქტი ის იყო, რომ ორი მთვრალი მამაკაცი და ერთი ქალბატონი აქციაზე მივიდნენ და ლიდერებისა და მოსახლეობის მიმართ დაიწყეს რეპლიკების სროლა, ცინიკური კითხვების დასმა და ა.შ.

 „თუმცა ამ  ორი თუ  სამი  კაცის რეპლიკები 150- მდე იქ შეკრებილმა ხალხმა  გადაფარა. შეუტიეს კიდეც იმ გაგებით, რომ მოსთხოვეს სიჩუმისა და წესრიგის დაცვა. ასე რომ, შეხვედრამ მაინც მშვენივრად და მშვიდობიანად ჩაიარა. ჩვენ დაახლოებით 2 საათი ვიყავით მოსახლეობასთან  და მათ ჩვენი სათქმელი გადავეცით“, - განაცხადა იზორიამ და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს წინ სოფლის გამგეობაში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა უძღოდა, სადაც მათ ღვინო დაალევინეს და მათდამი „კეთილგანწყობილნი“ აქციაზე გაუშვეს.

გარდა ამისა იზორია იხსენებს, რომ აქციის წინა ღამით მის მიმართ თვალთვალი ხორციელდებოდა. მისი თქმით, გაურკვეველი მარკის ავტომობილები იმ სახლთან იყვნენ მობილიზებულები, სადაც სტუმრად იმყოფებოდა. სახლის მეპატრონე შეეცადა ამის გარკვევას, რის შედეგადაც, იზორიას ინფორმაციით სახლის მეპატრონე ველოდი ბაძაღუა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

„ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ხელისუფლება ცდილობს თვალთვალს და იმ ადამიანების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლების განხორციელებას, ვინც მხვდება და მხარდაჭერას მიცხადებს. დღესაც ერთ ერთი შეხვედრა მქონდა კირჩხში, სადაც ადამიანები  კამერით ხელში იყვნენ მოსულები და ყველგან დამსდევდნენ, ისინი ჟურნალისტებად ასაღებდნენ თავს, თუმცა, როცა ვეკითხებოდი აქვს თუ არა მას „პრესკარტა“, მეუბნებოდა, რომ შემდგომში მომიტანდა. ასეთია ჩვენი რეალობა“, - აღნიშნა იზორიამ.

ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხალხი არ არის შეშინებული და დაპანიკებული. მისი თქმით, აშკარაა, რომ თვითონ ხელისუფლებაა აგონიაში, რაც იმაში გამოიხატება, რომ ასეთი ფაქტებით ცდილობენ აქციაზე გასული მოსახლეობის იდენტიფიცირებას და შემდეგ მათთან ინდივიდუალურ რეჟიმში „მუშაობას შანტაჟისა და დაშინების მიზნით“.

იზორიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი უკვე შეიტანეს შესაბამის უწყებაში, შემთხვევის ადგილი სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუთვალიერებიათ.

„სხვათაშორის ჩვენ დამატებითი მტკიცებულებების სახით საღებავის ნატეხებიც გვაქვს, რომელიც მანქანით მეზობლის კედელზე შეჯახების დროს ჩამოცვივდა. ამას სასამართლოს დღეს წარვუდგენთ. დღეს მოწმის სახით დაიბარეს ოჯახის მეპატრონე და ჩვენი ერთი თანაგუნდელი, ალბათ მოწმის სახით მეც დამკითხავენ, ანუ რაღაც დაიწყო, მაგრამ ვნახოთ რამდენად ადექვატური იქნება მათი რეაგირება“, - განაცხადა იზორიამ.