„არჩევნის თავისუფლებისთვის“  საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს დღეს ახალციხეში შეხვდება

„არჩევნის თავისუფლებისთვის“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს დღეს ახალციხეში შეხვდება

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ დღეს ახალციხეში  14:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით დაინტერესებულ ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს , ასევე, სტუდენტებსა და მოქალაქეებს შეხვდება.

აღნიშნულის შესახებ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ განცხადებას აქვეყნებს. განცხადების მიხედვით, შეხვედრის მიზანია საზოგადოებამ კამპანიის - „ეს შენ გეხება“ საქმიანობის, მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე მეტი ინფორმაცია მიიღოს.

„შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდება ე.წ. Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპების კანონმდებლობაში ასახვის საკითხებზე, კანონში შეტანილი ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე. აგრეთვე, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე საარჩევნო პერიოდში“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცახდებაში.

შეხვედრას კოალიციის „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრები დაესწრებიან: ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრის გამგეობის წევრი მურმან პატარაია, საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი.