„თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ 27 ივლისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან საპროტესტო აქციას გამართავენ. მათი განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელისუფლების ხელში ოპოზიციის დასჯის იარაღად გადაიქცა. მათივე თქმით, მოგელაძის უწყება რეალური ოპოზიციის შემომწირველებს აჯარიმებს და პარტიების დაფინანსების შესახებ მიღებულ სრულიად ანტი-დემოკრატიულ კანონსაც კი არღვევს.
„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, რეპრესიები მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის რეალურ ოპოზიციას ეხება, ხოლო ე.წ. „კონსტრუქციულად“ განწყობილი ფსევდო-ოპოზიციური პარტიების შემოსავლებით მოგელაძის უწყება არ ინტერესდება.
როგორც პარტიაში აცხადებენ, არსებულ პირობებში სრულიად შეუძლებელი ხდება ოპოზიციის დაფინანსება და შესაბამისად, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება. ხელისუფლების საბოლოო მიზანს, ოპოზიციისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა წარმოადგენს.
„თავისუფალი საქართველო“, ტრადიციონალისტთა კავშირი და „თეთრები“ 27 ივლისს, 18:00 საათზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ. შესაბამისად, მანიფესტაციის ორგანიზატორები, კანონმდებლობის შესაბამისად, 5 დღით ადრე აფრთხილებენ თბილისის მერიას, რათა ყოველგვარი პროვოკაცია გამოირიცხოს.
საპროტესტო აქციის ინიციატორებმა უკვე მიმართეს ყველა ოპოზიციურ პარტიას მანიფესტაციაში მონაწილეობის მოწოდებით. ისინი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევა ხელისუფლების რეპრესიული მანქანის შესაჩერებლად და რეალურად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად გადამწყვეტია.