სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, 50 მილიონ ლარიანი ფონდი შეიქმნება

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, 50 მილიონ ლარიანი ფონდი შეიქმნება

კანცელარიაში მთავრობის დღევანდელ სხდომაზე,  ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ,  სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ,  პროექტი წარადგინა. გვინდაძის განცხადებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, სპეციალური  ფონდი შეიქმნება, რომელიც 50 მილიონი ლარით განისაზღვრება. მისი თქმით, ფონდში გათვალისწინებული 50 მილიონი ლარი,  გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას მოხმარდება.  

გვინდაძემ ასევე აღნიშნა, რომ  კახეთის განვითარების პროგრამაც მსხვილდება,  რომლის დაფინანსება  110 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც 20 მილიონი  სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება.

„ასევე კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის დაფინანსება 2 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობის სარეზერვო ფონდში რჩება 17 მილიონი ლარი და, საჭიროების შემთხვევაში, თანხა სტიქიით დაზარალებულ რეგიონებს მოხმარდება“, - განაცხადა გვინდაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მინისტრთა კაბინეტს საგანგებო მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მინისტრებს მომდევნო დღეებშიც აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ სანამ არ დავასრულებთ ყველა იმ ამოცანას, რასაც ვპირდებით ჩვენს ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს და დაზარალებულ ოჯახებს, მანამდე ჩვენ მოგვიწევს მსგავს რეჟიმში მუშაობა. მოვუწოდებ ყველა მინისტრს, რომ დაწყებული საქმე გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს. ჩვენ ახლა სწრაფად გვჭირდება ბიუჯეტში ცვლილებები, რათა ეს ღონისძიებები დავაფინანსოთ“, - განაცხადა  მერაბიშვილმა.

პრემიერის თქმით, ფინანსთა მინისტრს დავალებული აქვს, ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტში სწრაფად წარადგინოს.