პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, თბილისის მასშტაბით, „გლობალ ტვ“-ის მხარდამჭერი აქცია გამართა. აქცია სლოგანით "გადაარჩინე გლობალ ტვ" ვაკის პარკთან გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა აღნიშნული წარწერის შემცველი სტიკერები გააკრეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, "გლობალ ტვ"-ის ანტების დაყადაღება უკანონოა.
„გლობალ ტვ" ბიძინა ივანიშვილის საკუთრება არ არის და ხელისუფლების მიერ ანტენების დაყადაღება კიდევ ერთი უკანონობაა, რომლითაც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის ერთ ერთი მონაწილე, შოთა ძაგნიძე კი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ეს ქმედება სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება, რადგან ამ საქმეში ბრალდებული არ არსებობს. მისი თქმით, ანალოგიური აქცია თბილისის ყველა უბანში მიმდინარეობს.
„ჩვენი აქტივისტები აკრავენ სტიკერებს - „გადაარჩინე გლობალ ტვ“, რადგან მივიჩნევთ, რომ ანტენების დაყადაღება უსაფუძვლოა. მოვითხოვთ, რომ ხალხს ინფორმაციის თავისუფლად მიღების საშუალება ჰქონდეს, რისი საშუალებაც დღეისთვის არ არსებობს“ - განაცხადა ძაგნიძემ.
შეგახსენებთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივნისში, საქართველოს მასშტაბით, „გლობალ ტვ“-ს დაახლოებით 300 000 დაუმონტაჟებელი ანტენა დააყადაღეს.