მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტების მუშაობის წესი იცვლება. ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომების გაშუქების შესაძლებლობა შეეზღუდებათ, რაც იმაშიგამოიხატება, რომ მედიის წარმომადგენლებს მინისტრების კომენტარების ჩაწერის შესაძლებლობა შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ.
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის პრესსამსახურში განუმარტეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა წესით მოუწევთ ჟურნალისტებს მუშაობა.
მთავრობის დღევანდელი სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს შენობის პირველ სართულზე პრესრუმი გამოუყვეს, სადაც მთავრობის სხდომის დასრულებას დაელოდებიან. როგორც კანცელარიაში ამბობენ, გადაწყვეტილება პრეს-სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა მიიღო.
ცნობისთვის, ადრე ჟურნალისტები მთავრობის სხდომის დაწყებიდან დასრულებამდე მე-12 სართულზე იმყოფებოდნენ, სადაც უშუალოდ სხდომა მიმდინარეობდა. სხდომის შემდეგ კი, ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრებისგან კითხვებზე პასუხები მიეღოთ.