„ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს „ქართული დასის“ სახელით იყრის. ამის შესახებ ბაღათურიამ From.ge სთან საუბარში განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯონდი ბაღათურია კონსულტაციებს საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენის საკითხზე "ქართულ ოცნებასთან" და "თავისუფალ საქართველოსთან" მართავდა. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ კვირას საბურთალოს რაიონში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატად დავით უსუფაშვილი დაასახელა.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ news.ge-სთან კი განაცხადა, რომ არანაირი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით ბაღათურიასთან აღარ მიმდინარეობს და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი საბურთალოზე მისი ერთ-ერთი ლიდერი იქნება, რომელსაც პარტია უახლოეს მომავალში დაასახელებს.
ბაღათურიას თქმით, მას არ აინტერესებს რა განაცხადა კახა კუკავამ და აღნიშნა, რომ საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ის საბურთალოს რაიონში კენჭს „ქართული დასის“ სახელით იყრის გადაწყვეტილია.
„ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს და რაც მეტ კანდიდატს დაასახელებს კუკავასნაირი ვინმე, მით უკეთესი იქნება და საინტერესოდ წარიმართება პროცესები. მე კი საბურთალოს რაიონში ვიყრი კენჭს და ეს საკითხი მორჩა და გათავდა“, - აღნიშნა ბაღათურიამ.