კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე კონსერვატიული პარტიის წევრის, მერაბ კაჭახიძის და ფორუმის ორი წევრის, თემურ შეყლაშვილისა და ტარიელ ქარდავას დაკავების ფაქტი კანონდარღვევად შეაფასა.
ფანჯიკიძის განცხადებით, მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას სისხლის სამართლის დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ფანჯიკიძე განმარტავს, რომ მათ ბრალი წაუყენეს 164-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვას ითვალისწინებს და აღნიშნავს, რომ ეს საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება.
„თვალთმაქცური გარიგების არსებობის შემთხვევაშიც კი, ზემოთხსენებული სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ კანონდარღვევას წარმოადგენს, რომელიც გარიგების ბათილად ცნობას ან ჯარიმას ითვალისწინებს და კონტროლის პალატის კომპეტენციის სფეროს არ ცდება“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა რომ ამ ფაქტის შესახებ საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სხვადასხვა საელჩოებს უკვე ეცნობა.
ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური გზით პოლიტიკური დევნის შედეგად დაპატიმრებულ ყველა თავისი წევრისა და მხარდამჭერის უფლებებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.