ლაშა ტუღუში: მედია აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ მართლები ვართ

ლაშა ტუღუში: მედია აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ მართლები ვართ

საქართველოს მედიასაშუალებებმა ტელეკომპანია "მაესტროს“ დასახმარებლად კამპანია დაიწყეს და მიმართვაც გაავრცელეს, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურაში შეიტანენ. „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათ ყველას სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება სურს, სადაც კანონის უზენაესობაა და არა ვიღაცეების პოლიტიკური ინტერესები და მედიის გამარჯვების იმედი აქვს, რადგან თვლის ის პოლიტიკურადაც და მორალურადაც მართალია. 

„ვფიქრობ, რომ ჩვენი ბრძოლა შედეგს გამოიღებს. ჩვენ არ ვართ ტყუილად სალაპარაკოდ მომართულები, ჩვენ შედეგი გვესაჭიროება. მიმაჩნია, რომ სერიოზული პრობლემაა. დაირღვა კანონი „მაესტროსთან“ მიმართებაში. ეს კანონები დაარღვია პროკურატურამ, სასამართლომ, ამიტომ ჩვენი მოქალაქეობრივი და მორალური ვალია, დავიცვათ ჩვენი კოლეგები და აღვადგინოთ სამართლიანობა.

ჩვენ ვიქნებით აქტიურნი, ყველა გზას მივმართავთ, მათ შორის მედიებში გაშუქების თვალსაზრისით, აქციების სახით პარლამენტის, პრეზიდენტის კანცელარიის წინ, მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. დღეს პროკურატურაში შეგვაქვს ის მიმართვა, რაც მივიღეთ. დღითიდღე იზრდება იმ მედიასაშუალებების რიცხვი, ვინც ამ განცხადებას დაეთანხმა. ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ ეს არის უკანონობა. აქ საუბარი არ არის პოლიტიკურ საკითხებზე, აქ საუბარია უკანონობაზე. ჩვენ გვინდა სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც კანონის უზენაესობაა და არა ვიღაცეების პოლიტიკური ინტერესები. ქვეყანაში კანონები უხეშად  არ უნდა ითელებოდეს“,-აცხადებს ტუღუში.