ლუის ნავარო: საქართველოში შიშის ფაქტორის არ მჯერა

ლუის ნავარო: საქართველოში შიშის ფაქტორის არ მჯერა

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლუის ნავაროს ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკური შეხედულებების თავისუფლად დაფიქსირებისას, შიშის ფაქტორის არსებობის და  მისი  სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებზე ზეგავლენის არ სჯერა.

ამის შესახებ ნავარომ "მაესტროს" გადაცემა "პირდაპირ საუბარში" განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ამას NDI-ის კვლევებიც ადასტურებს.

მისივე განცხადებით, შესაძლოა ვინმეს მართლაც ეშინია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ეს ზოგადი ტენდენციაა.

"შიშის ფაქტორს რაც შეეხება, პირველ რიგში, მე ვიტყოდი, რომ საერთოდ, საქართველოში შიშის ფაქტორის არ მჯერა. პირველი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გამოვკითხეთ ყველაზე მეტი ადამიანი, რაც აქამდე გამოგვიკითხავს - 6299 ადამიანი და მეორე, ჩვენ ასევე ვატარებთ ხოლმე ფოკუს ჯგუფების კვლევებს, სადაც 10 ადამიანი შედის აბსოლუტურად უცხო მოდერატორთან ოთახში, მოდერატორი მას ეუბნება, რომ მათი საუბარი იწერება ვიდეოკამერაზე და მაინც ეს ათი ადამიანი საათნახევრის განმავლობაში თავისუფლად საუბრობს პოლიტიკაზე. ამიტომ არ მგონია, რომ მათ ამ შემთხვევაში შიშის ფაქტორი ამოძრავებთ. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია და გვსმენია შევიწროვების შემთხვევები, თუმცა ეს არ შეიძლება განზოგადდეს და ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობაში არსებობს შიშის ფაქტორი", ამას არცერთი ჩვენი კვლევა არ ადასტურებს," - განაცხადა ნავარომ.

მეორეს მხრივ, ნავაროს აზრით, შესაძლოა, არსებობდეს ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციის მხარდამჭერი და პირიქით, არსებობდეს სულ სხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი.

"მათ შესაძლოა, თავი აარიდონ განსხვავებული აზრის დაფიქსირებას და ზედმეტი დისკუსიის, დაძაბული საუბრის გამართვას მოერიდონ პოლიტიკურ საკითხებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ." - აცხადებს ნავარო.