თელავში სტიქიის აღმოსაფხვრელ  ღონისძიებაში 200-მდე მოხალისე ჩაერთო

თელავში სტიქიის აღმოსაფხვრელ ღონისძიებაში 200-მდე მოხალისე ჩაერთო

თელავის რაიონში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელ ღონისძიებაში 200 მდე მოხალისე ჩაერთო. ამისათვის სპეციალური „სოლიდარობის ჯგუფი“ შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეები გაწევრიანდნენ. მათ შორის არიან იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების მოქალაქეები.

„სამწუხაროა, რომ სტიქიამ ძალიან დიდი ზარალი მიაყენა თელავის რაიონს. ჩვენ სოლიდარობის მიზნით, რამდენიმე რეგიონიდან ჩამოვედით იმისთვის, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ ხალხს. ამასთან, შარშან სტიქიამ ზარალი ხაშურის რაიონს და სურამსაც მიაყენა და გუშინ ძალიან ბევრი სურამელი და ხაშურელი მომმართავდა - ვალში ვართ ამ ხალხთან და წავიდეთ, მივეხმაროთო ", - განაცხადა ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბაჩო ქიტიაშვილმა.

სტიქიის ზონაში სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული "სოლიდარობის ჯგუფები" ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან.

19 ივლისს კახეთში მოსულმა წვიმამ, რასაც თან დაერთო ძლიერი ქარი, სერიოზულად დააზარალა რეგიონის მოსახლეობა. დაიტბორა სახლები და დაიხოცა შინაური ფრინველი. განადგურდა ნათესები და სავენახე სავარგულები.