კოპალიანი - ივანიშვილი არჩევნებში უფულოდაც რომ წავიდეს, არჩევნებს მაინც მოიგებს

კოპალიანი - ივანიშვილი არჩევნებში უფულოდაც რომ წავიდეს, არჩევნებს მაინც მოიგებს

ცაგერის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ქართული ოცნების წევრის კარლო კოპალიანის შეფასებით,  ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი და  წარმატების ფორმულა ფულში არ დევს, რაშიც ნაციონალებიც დარწმუნდნენ, მაგრამ ამის აღიარება არ სურთ. კარლო კოპალიანის განმარტებით, ივანიშვილს ნდობისა და სიყვარულის უზარმაზარი მანდატი აქვს და მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სწორედ ეს  ადამიანი გამოიყვანს  ქვეყანას ჩიხიდან.

დაასახელებს თუ არა მომავალ არჩევნებში კოალიცია კარლო კოპალიანს კვლავ ცაგერის მაჟორიტარ კანდიდატად?

From.ge კარლო კოპალიანს ესაუბრა:

-თქვენი კანდიდატურა  “ქართული ოცნების“ მიერ  ცაგერის რაიონში არის დასახელებული?

-არ არის დასახელებული.

-განიხილება?

-განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, კოალიცია ფიქრობს, რომ ცაგერის რაიონში შიდა პრაიმერი ჩაატაროს.

-პრაიმერი თქვენსა და ვის შორის ჩატარდება?

-ჩემსა და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს ნინელი ფუტკარაძეს შორის.

-შანსები რომელს უფრო მეტი გაქვთ?

-სრულიადაც არ ვფიქრობ, რომ მე არა მაქვს შანსი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ხალხს არასდროს არ დავმალულვარ. ამ 4 წლის მანძილზე, ცაგერის რაიონში სოფელი არ არსებობს, სადაც სულ მცირე 3-4-ჯერ მაინც არა ვარ მისული. ჩვენი მოსახლეობა ამას მიჩვეული არ იყო, დეპუტატს რომ აირჩევდნენ, წავიდოდა და 4 წელი დაიკარგებოდა.

-თქვენ კოალიციაში ინდივიდუალურად ხართ გაწევრიანებული?

მე „ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ.

-როგორც ცნობილია, ცაგერის რაიონში სახელისუფლებო გუნდი აქტიურობს. რა პროცესებს აქვს იქ ადგილი?

სახელისუფლებო გუნდი აქტიურობს, უკვე გამოკვეთილია მათი დეპუტატობის კანდიდატი - სერგო ხაბულიანი. იგი არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის „ცეკურის“ მეპატრონე, რომელიც რამდენიმე ხანია სოფლებში დადის და მოსახლეობას ღიად ჰპირდება ოქროს კოშკებს.

-კერძოდ რას?

-მოსახლეობას ეუბნება, თუ რაიმე გინდათ ყველაფერს გაგიკეთებთ, სახლს გაგირემონტებთ, გზას გაგიკეთებთ.

-მერე ეს ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის?

-სწორედ ამას ვამბობ. საინტერესოა ვისი ფულით ჰპირდება და რატომ არ არის ეს მოსყიდვა? მითუმეტეს, ასეთი ინფორმაცია არსებობს, რომ „სოფლის პროგრამის“ სამუშაოების აბსოლიტურ უმრავლესობას სერგო ხაბულიანის კომპანია აკეთებს. სოფლის პროგრამა კი ბიუჯეტიდან ფინანსდება.  წარმოიდგინეთ, ერთი ხელით დაპირებებს არიგებს და მეორე ხელი ბიუჯეტში აქვს ჩაყოფილი. სოფლის პროგრამების ფულს მისი კომპანია „იწოვს“. ეს უცხო არ არის ნაციონალებისთვის. ამჟამად 15-კილომეტრიანი გზა არის დარჩენილი წყალტუბო-ცაგერის მიმართულებით, რომელსაც სერგო ხაბულიანის კომპანია აკეთებს და მოსახლეობას ამადლის: აი,  მე გზას გიკეთებთ, თითქოს თავის ჯიბიდან ამოიღო ეს ფული და ბიუჯეტის ფული არ არის. გზის ბოლო 15-კილომეტრია დარჩენილი და ალბათ საარჩევნო კამპანიის დროს დაიწყებს მის გაკეთებას, რამდენიმე ადგილობრივს კაპიკებში დაასაქმებს  და ვალდებულს გახდის, რომ ხმა მას მისცენ. მაგრამ ადამიანებს, საბედნიეროდ, ასეთი კანდიდატების აღარ სჯერა.

-აუდიტის სამსახურს რატომ არ მიმართავთ, თუკი ასეთი ინფორმაცია არსებობს, რომ ნაციონალების კანდიდატი ხალხის მოსყიდვას ცდილობს?

-მე, კოალიციის ფართომასშტაბიან კამპანიაში ვარ ჩართული, სოფელ-სოფელ დავდივარ და ველოდები ცაგერის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოსახლეობასთან ერთად დავჯდები და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ იპარპაშებს და დაპირებებსა და ფულს დაარიგებს. თუკი დავინახავ, რომ ცაგერის რაიონში არაკანონიერებას აქვს ადგილი, აუდიტის სამსახურსაც მივმართავ და პროკურატურასაც.   

- ნაციონალური მოძრაობის წევრები დარწმუნებული არიან, რომ მაჟორიტარული ოლქების უმეტესობას ისინი მოიგებენ. ამ საკითხზე როგორია თქვენი კომენტარი?

ნაციონალური მოძრაობა საშუალებას არ გვაძლევს, რომ საარჩევნო პროცესში შევიდეთ. წნეხი და არაკანონიერება თუ გაგრძელდა, ცალ კარში თამაში გამოუვათ და შეეძლებათ ასეთი დასკვნები გააკეთონ, რომ მაჟორიტარულ ოლქებს მოიგებენ. პატივცემულ ნაციონალებს უნდა შევახსენო, რომ ივანიშვილის რეიტინგი და  წარმატების ფორმულა ფულში არ დევს! ნაციონალები ამაში თავადაც დარწმუნდნენ, მაგრამ ამის აღიარება არ უნდათ. ბიძინა ივანიშვილს ნდობისა და სიყვარულის უზარმაზარი მანდატი აქვს. მოსახლეობა ფიქრობს, რომ სწორედ ეს ადამიანი გამოიყვანს ქვეყანას ამ ჩიხიდან. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი უფულოდაც რომ შევიდეს არჩევნებში, დარწმუნებული ვარ, არჩევნებს მაინც მოიგებს.