მიხეილ სააკაშვილი: ამ მასშტაბის გაჭირვება, რაც მოსახლეობას სტიქიამ მიაყენა არ მინახავს

მიხეილ სააკაშვილი: ამ მასშტაბის გაჭირვება, რაც მოსახლეობას სტიქიამ მიაყენა არ მინახავს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასა და აღდგენით სამუშაოებს ალბათ, ასობით მილიონი დასჭირდება.

პრეზიდენტის თქმით,  უკვე 30 ათასი კვ.მ. გადასახური მასალა მზადაა და რომ საქართველოში ამ სფეროში მომუშავე ყველა კომპანია მობილიზებულია.

„ვფიქრობ, რომ 2-3 დღეში ინტენსიურად გაჩაღდება სამუშაოები“, - განაცხდა  სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კომპენსაციების  დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება, მანამდე კი  მოსახლეობა სასურსათო პროდუქციას მიიღებს.

სააკაშვილის განცხადებით, მოსახლეობა უნდა გრძნობდეს, რომ მთავრობა მათ გვერდშია და მოქალაქეების ინტერესების სადარაჯოზე დგას.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ამ მასშტაბის გაჭირვება, რაც მოსახლეობას სტიქიამ მიაყენა, მას არ უნახავს.

„მინახავს წყალდიდობები, მსხვერპლი, ათასგვარი უბედურება, მაგრამ ამდენ ადამიანს რომ ერთად შეხებოდა, თუნდაც მსხვერპლის გარეშე, ამდენი პროდუქციის განადგურება, მართლაც გამონაკლისი შემთხვევაა“, - განაცხადა სააკაშვილმა.