ბიძინა ივანიშვილი სტიქიით დაზარალებულებს 10 მილიონი ლარით დაეხმარება

ბიძინა ივანიშვილი სტიქიით დაზარალებულებს 10 მილიონი ლარით დაეხმარება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი  სტიქიის დაზარალებულებს  დაეხმარება.  ივანიშვილი 10 მილიონ ლარს  სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხავს და აცხადებს, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ,  სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით იმდენ თანხას გადარიცხავს, რამდენიც საჭირო გახდება.

From.ge ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ძალიან განვიცდი იმ უბედურებას, რომელიც სტიქიის შედეგად თავს დაატყდა ჩვენს თანამოქალაქეებს კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში და სხვა რეგიონებში. ასეთ დროს ხელისუფლების და  თითოეული ჩვენგანის ვალია თანადგომის და სოლიდარობის ხელი გავუწოდოთ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს. პრეზიდენტი და მთავრობა, რომლებმაც უაზროდ გაფლანგეს ამგვარი ვითარებისთვის შექმნილი 100 მილიონიანი სარეზერვო ფონდები, გეგმავენ მიყენებული ზარალის მხოლოდ ნაწილობრივ კომპენსაციას და სრულად დაკარგული მოსავლისათვის მაქსიმუმ 1 500 ლარის გამოყოფას. ეს მაშინ, როდესაც ყოველი ოჯახისათვის სტიქიით მიყენებული ზარალი ხშირად რამდენჯერმე აღემატება ამ თანხას.   ყველასთვის კარგად ცნობილი გარემოებების გამო მე არ მაქვს შესაძლებლობა პირადად დავეხმარო სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ათასობით ადამიანს - ხელისუფლება მედიკამენტების მიწოდებასაც კი ამომრჩევლის მოსყიდვად ჩამითვლის. ამასთანავე, ხელისუფლებამ მე სრულიად უკანონოდ დამაკისრა ათეულობით მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ და ასევე უკანონო გზებით ცდილობს სხვისი ქონების ხარჯზე ამ თანხების ამოღებას.

შექმნილ ვითარებაში მე მივიღე გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება.

შედეგად, მთავრობას უჩნდება ბიუჯეტით დაუგეგმავი დამატებითი სახსრები, რომლითაც მას შეუძლია ყოველ ოჯახს სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი, იქნება ეს დაკარგული მოსავალი, დახოცილი პირუტყვი თუ დაზიანებული კარ-მიდამო.

იმისათვის, რომ მთავრობამ საბიუჯეტო სახსრებით დროული, სამართლიანი და ეფექტური დახმარება აღმოუჩინოს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, საჭირო იქნება საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესება თითოეული ოჯახისთვის მიყენებული ზარალის ობიექტურ შეფასებასა და მის დროულ და სრულ ანაზღაურებაზე“, - ნათქვამია ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.