გურამ ჩახვაძე: ქართველმა ხალხმა მმართველ პარტიასთან ხელშეკრულება არ უნდა გააფორმოს

გურამ ჩახვაძე: ქართველმა ხალხმა მმართველ პარტიასთან ხელშეკრულება არ უნდა გააფორმოს

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის გურამ ჩახვაძის განცხადებით,  ქართველმა ხალხმა ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ხელშეკრულების გაფორმებისგან თავი უნდა შეიკავოს.

„ქართველმა ხალხმა აღნიშნულ პროგრამაზე უარი უნდა თქვას და მმართველ პარტიასთან ხელშეკრულება არ უნდა გააფორმოს. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“  „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ დებატებში ვიწვევთ, სადაც დავამტკიცებთ, თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი ქართულმა საზოგადოებამ მმართველ პარტიას“, - განაცხადა ჩახვაძემ და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია, რომელმაც რვა წლის განმავლობაში უმუშევრობის პრობლემა ვერ მოაგვარა და საკუთარი მოქალაქეები ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით ვერ უზრუნველყო, ამომრჩევლის ნდობას აღარ იმსახურებს.

ჩახვაძის განცხადებით, საკუთარ ამომრჩეველთან ხელშეკრულების გაფორმება ქართული ნოვაცია არ არის.

„ეს არის სიმბოლურად საკუთარ ამომრჩეველთან გარკვეული ვალდებულებების აღება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ამომრჩეველთან ასეთი კონტრაქტი რამდენჯერმე დადო, მაგრამ კონტრაქტის შინაარსიდან გამომდინარე, ის დებულებები და ვალდებულებები ვერ შეასრულა, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა და მისი პირობები დაარღვია“, - განაცხადა ჩახვაძემ.

ახალ საპროგრამო დოკუმენტს - „ხელშეკრულება საქართველოსთან“, რომელშიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმები და მთავარი მიმართულებები ჩამოაყალიბა, მმართველი პარტია საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს ხანებში წარუდგენს.