რუსეთის საგარეო უწყება  სააკაშვილს ურჩევს არ ჩადოს „თავისი ხუთი კაპიკი“ რუსეთის დემოკრატიის გადასარჩენად

რუსეთის საგარეო უწყება სააკაშვილს ურჩევს არ ჩადოს „თავისი ხუთი კაპიკი“ რუსეთის დემოკრატიის გადასარჩენად

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ თბილისს ურჩევს, თავის პრობლემებს მიხედოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ვიდრე “თავის 5 კაპიკს” ჩადებს  რუსეთის დემოკრატიის გადასარჩენად. ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.

 “ყველაზე კარგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს მსოფლიო დემოკრატიისთვის, იქნება ის, რომ დაიცვას ადამიანის და ეროვნული უმცირესობებების უფლებები საკუთარ ქვეყანაში. ამის შესახებ მას არაერთხელ მიუთითებენ გაეროს შტაბბინაში, ევროსაბჭოსა და სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებში.”აცხადებს ლუკაშევიჩი, მის ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ კანონთან დაკავშირებით.

 რუსი დიპლომატის თქმით, „მათთვის სასაცილოა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ადამიანის უფლებების დამცველის როლში გამოსვლა.”

 2012 წლის 13 ივლისს რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატამ - სახელმწიფო სათათბირომ მესამე წაკითხვით მიიღო კანონპროექტი ცვლილებების შესახებ რუსეთის ფედერაციის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში, რომელიც არეგულირებენ „უცხო აგენტის ფუნქციის მქონე არაკომერციული ორგანიზაციების" საქმიანობას.

 საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, კანონი და მისი დასახელება სრულად ასახავს რუსეთის ამჟამინდელი მმართველი ელიტის წარმოდგენას იმ უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ასე თუ ისე ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ნიშანდობლივია, რომ თვით სიტყვა „აგენტი" მათთვის განუყოფლად ასოცირდება „უცხო ქვეყნის ჯაშუშთან" და შესაბამისად - მტერთან. ტერმინის „არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს უცხოური აგენტის ფუნქციას" გამოყენება მიზნად ისახავს მოსახლეობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი უნდობლობისა და უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივებას. აღნიშნული ცვლილებების პაკეტი არის გაგრძელება პუტინის რეჟიმის პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების საბოლოო დამორჩილებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების დამალვისაკენ. –აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.