„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს იწყებს

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს იწყებს

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” დღეიდან ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

განცხადების თანახმად, ღონისძიებები პროექტის „ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისთვის” ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის შემცირებას ისახავს.

„ქალთა უფლებების დაცვა გლობალური პრობლემაა, რომელიც ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და კანონის უზენაესობას ეფუძნება. საჭიროა, საზოგადოების ყველა წევრი გაერთიანდეს იმ მანკიერი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, რომელიც ქალის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ქალთა უფლებები საქართველოში მრავალი კუთხით ირღვევა, მათ შორის აღსანიშნავია ოჯახური ურთიერთობები და მემკვიდრეობა, შრომითი საკითხები, ჯანმრთელობა, სოციალური უხრუნველყოფა და სხვა.

 ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ტრენერები უფასო, ორდღიან სემინარებს ჩაუტარებენ დაინტერესებულ ქალბატონებს. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საკუთარ რეგიონში ქალთა უფლებების რეალიზაციის პროცესში გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლიათ. ორგანიზაციის წარმომადგენელები, ასევე, უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევენ დაინტერესებულ პირებს.

 „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ქალთა უფლებების შესახებ საქართველოს 14 ქალაქში ჩაატარებს - ამბროლაური, ონი, ქედა, ხულო, ლანჩხუთი, ჩოხატაური, სამტრედია, წყალტუბო, წალენჯიხა, ზუგდიდი, ახალციხე, ბორჯომი, ყვარელი, ლაგოდეხი“, - აღინიშნა განცხადებაში.

 ცნობისთვის, პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ არის დაფინანსებული.