საია „ქართული ოცნების“  წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

საია „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია)  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრების:  მერაბ კაჭახიძის, თეიმურაზ შეყლაშვილისა და ტარიელ ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა.   საია მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს.

საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გამოძიების ხელთ არსებული მასალები მხოლოდ უკანონო საწევრო შენატანებსა ან უკანონო შემოწირულებებზე მიუთითებს და არავითარ შემთხვევაში ამომრჩევლის მოსყიდვაზე.

შესაბამისად ჩუგოშვილის განმარტებით, უკანონო საწევრო შენატანებისა და შემოწირულებების განხორციელება, რასაკვირველია, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ისჯება როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არა როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, იმ გარიგების დადება, რომელიც მიზნად ისახავს ამავე კანონის მე-3 თავით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისთვის თავის არიდებას, გამოიწვევს დაჯარიმებას გარიგების ღირებულების ხუთმაგი ოდენობით. შესაბამისად, შსს-ს განცხადებაში მითითებულ ქმედებებზე რეაგირება მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა. მართლაც, მოცემულ დრომდე უკანონო შემოწირულებების ყველა საქმეზე რეაგირება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით განხორციელდა. აღნიშნული საქმეების სისხლის სამართლის კონტექსტში გადატანის ტენდენცია, რომელიც დღეს გამოიკვეთა, შემაშფოთებელია“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, შსს-ს განცხადებაში აღწერილი ქმედებების კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაშიც კი, სრულიად შეუსაბამო, არაპროპორცული და უკანონოა დაკავებულ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მსჯელობა, ვინაიდან სახეზე არ არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. აღნიშნული კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველია.

შესაბამისად, საია მოუწოდებს  პროცესის მწარმოებელ ორგანოს, შეწყვიტოს მოცემულ საქმეზე გამოძიება და მასალები რეაგირებისათვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნოს.

ასევე საიაში ხაზგასმით აცხადებენ, რომ საკითხს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მომავალში, ოპერატიული ღონისძიების განხორციელებისას.

„შსს–ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულია, რომ გარიგების სქემის ერთ–ერთ მონაწილეს წარმოადგენდა კონსერვატიული პარტიის მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა ლომია, რომელსაც წინასწარ მოძიებული 6 ფიზიკური პირისთვის უნდა გადაეცა თანხა საწევრო შენატანებისთვის. შსს–ს მიერ ასევე გამოქვეყნებულ იქნა ვიდეო–მასალა, რომელზეც აღბეჭდილია სქემის რამდენიმე ეპიზოდი. აღნიშნული ვიდეო მასალა მოპოვებულია ოპერატიული ღონისძიების გზით, სწორედ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ. 

ოპერატიული ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშინოს გონივრული ზღვარი, რაც დაცული უნდა იქნეს მასში მონაწილე უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან, რათა მათი ქმედება დანაშაულის ჩადენის წაქეზებაში არ გადაიზარდოს და არ შექმნას დანაშაულის პროვოკაციის შემადგენლობა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ოპერატიული ღონისძიების განმახორციელებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მაქსიმალური ზომების მიღება იმისთვის, რათა დაცული იქნეს გონივრული ზღვარი თითოეული ამგვარი ღონისძიების განხორციელებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ოპერატიული ღონისძიების იმგვარად დაგეგმვასა და განხორციელებაზე, რომ გამოირიცხოს დანაშაულის პროვოკაციის ნიშნების არსებობა.