კახა კახიშვილი: არც NDI - ის და არც ოქსფორდის კვლევის შედეგებს არ ვენდობი

კახა კახიშვილი: არც NDI - ის და არც ოქსფორდის კვლევის შედეგებს არ ვენდობი

„არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილის მიიჩნევს, რომ NDI-სა და ოქსფორდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მოსახლეობის რეალურ განწყობას ვერ ასახავს.

კახიშვილის თქმით, ამ ორი ორგანიზაციის კვლევის შედეგები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. შესაბამისად, ეს  ადასტურებს იმას, რომ არცერთ კვლევას არ უნდა ვენდოთ.

„ამ კვლევის შედეგებს არ ვენდობი. პოლიტიკური შეფასებებით იმდენად დაძაბულია ხალხი, რომ იციან პოლიტიკური გემოვნების გამჟღავნების გამო, შეიძლება პრობლემებში აღმოჩნდენ. ისინი გულწრფელნი არ არიან. ალბათ, ეს ორი ორგანიზაცია სხვადასხვა ველზე მუშაობდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა კახიშვილმა და  ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ გარემოში  მოსახლეობა  პოლიტიკურ პროცესზე  საუბარს ერიდება.

კახიშვილის თქმით, ამაზე არამხოლოდ ეს კვლევები არამედ,  კარდაკარის პროგრამებიც  მეტყველებს, სადაც მისი განცხადებით, მოქალაქეები ცდილობენ  პოლიტიკური გემოვნება არ დააფიქსირონ.

„როგორ დავიჯერო რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა დიდი ნაწილი,  მაშინ როდესაც  სოციალურ პოლიტიკაზე კვლევის პირველ ნაწილში თითქმის გამოკითხულთა 80 % აცხადებდა,  რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში  ცხოვრობენ  და ძალიან დაუცველნი არიან“, - განაცხადა კახიშვილმა.

შეგახსენებთ, „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს შესახებ კვლევა ჩაატარა.

„ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის“ კონსულტანტის, პაატა ზარდიაშვილის განცხადებით,  კვლევა რამდენიმე დღის წინ დასრულდა და ამჟამად  მონაცემთა საბოლოო დამუშავება მიმდინარეობს.

 „კვლევა მხოლოდ გუშინ დასრულდა და საბოლოო შედეგებზე საუბარი გამიჭირდება, ვინაიდან მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს, მაგრამ პირველადი შედეგი არის ის, რომ მოქალაქეები საკუთარი პრობლემების მოგვარებაში უფრო იმედიანად არიან განწყობილნი კოალიცია „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ,  მისი რეიტინგი 43%-მდე ავიდა.  მმართველ გუნდს და საქართველოს პრეზიდენტს კი 29%  უცხადებს ნდობას. გამოკითხულთა დაახლოებით, 30%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა“, -  განაცხადა პაატა ზარდიაშვილმა.

რაც შეეხება NDI- ის კვლევის შედეგებს, NDI-ს კვლევის თანახმად – კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, იმ გამოკითხული რესპონდენტებიდან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ  36% ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“,  18 % - კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 4% - არც ერთ პარტიას, 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 1 % - სხვა ოპოზიციას.