ფიქრია ჩიხრაძე: საქართველოში   რთველს პოლიტიკური  ფასი აქვს

ფიქრია ჩიხრაძე: საქართველოში რთველს პოლიტიკური ფასი აქვს

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ თელავში პრესკონფერენცია ჩაატარა და  განაცხადა, რომ ქვეყანაში რთველს პოლიტიკური ფასი აქვს, რომლითაც საქართველოში სპირტის იმპორტის მონოპოლისტი კომპანიები უზარმაზარ სარგებელს ნახულობენ.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საქართველოში ყურძენზე დაბალი ფასი და გაუსაღებელი ღვინო-მასალების სიჭარბე მხოლოდ რუსული ბაზრის დაკარგვითაა  გამოწვეული.

მისი თქმით,  რუსული  ბაზრის პოლიტიკური მოტივაციით დაკეტვა, ცხადია, სერიოზული დარტყმა იყო საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის და ზოგადად ეკონომიკისთვის და აღნიშნავს, რომ  არავინ საუბრობს იმაზე, რომ ამ პრობლემის შექმნაში არანაკლები წვლილი   სპირტის იმპორტის ბიზნესში არსებულ მონოპოლიას მიუძღვის.

„ყოველ შემოდგომაზე ცალკე გლეხია ზარალში  ყურძენზე დაბალი ფასის გამო, ცალკე  - ღვინის ქარხნები, რომელთაც სახელმწიფო ყურძნის ჩაბარებას  ავალდებულებს, როცა მათ ჯერ კიდევ არ აქვთ გასაღებული ძველი პროდუქცია. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ბაზარზე მრავლად გაჩნდა ხარისხიანი ქართული პროდუქცია, რომელმაც წარმატებით მოძებნა ალტერნატიული გასაღების ბაზრები, დღეს გასულ წლებში დამზადებული ღვინისა და ღვინის მასალების დაახლოებით  60% აუთვისებელია, რითაც ღვინის ქარხნები უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი“, - განაცხდა ჩიხრაძემ.

„ახალი მემარჯვენეები“ მიიჩნევენ, რომ  საჭიროა აღირიცხოს ყურძნის მოსავლიანობის მაჩვენებელი. 

„ამ მაჩვენებლის საფუძველზე ყურძნის საბაზრო ფასის მიხედვით გაანგარიშებული უნდა იქნას ბიუჯეტიდან გამოსაყოფი ფინანსები და გამოყოფილი თანხა გამოყენებულ უნდა იქნას ღვინისა და საკონიაკე სპირტის სახელმწიფო მარაგის დასამზადებლად. ეს არის  ის მარტივი და უნივერსალური სქემა, რომელიც გამორიცხავს ყოველწლიურად რთველის პოლიტიკური ფასის სახით ბიუჯეტიდან  სოლიდური თანხების ფუჭად ხარჯვას. რაც მთავარია, ამ სქემით მოგებული დარჩება  გლეხიც, მეწარმეც და სახელმწიფოც. წაგებული დარჩებიან მხოლოდ ის მონოპოლისტი კომპანიები, რომელთაც ხელში აქვთ ჩაგდებული  საქართველოში სპირტის იმპორტის ბიზნესი და რომელთა ინტერესში არ შედის ქვეყანაში საკონიაკე სპირტის წარმოების განვითარება“, - აცხადებს ჩიხრაძე.

„მემარჯვენეები“ მიმართავს ქვეყნის  პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს, მართლაც იზრუნოს იმისთვის, რომ ხალხმაც და სახელმწიფომაც  მეტი სარგებელი ნახოს და ეკონომიკურად აბსოლუტურად გაუთვლელი ძველი სქემის ნაცვლად განახორციელოს მევენახეობის გადარჩენის  სრულიად განსხვავებული  სქემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ჯანსაღი კონკურენციის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპზე და ერთხელ და სამუდამოდ,  საქართველოში რთველის თემით პოლიტიკურ სპეკულირებას მოსპობს.