ეკა ბესელია: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  „ქართული ოცნება“  ტერიტორიულ მთლიანობას  აღადგენს

ეკა ბესელია: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრები თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კოალიციის წევრებმა დევნილთა პრობლემები მოისმინეს, მათ შეკითხვებს უპასუხეს და კოალიციის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნეს.

კოალიციის წევრის, ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დევნილებისთვის ღირსეული ცხოვრების დაბრუნებაზე იზრუნებს.

მისივე თქმით, დევნილები ხელისუფლებისგან ყველაზე დაჩაგრული და ყველაზე მეტად მიტოვებული ადამიანები არიან.

„სააკაშვილმა მათ მართლაც არნახული და სასტიკი  დამოკიდებულება, თავდასხმა და აგრესია მოუწყო, როგორიც  ალბათ,  ომის დროს ნახეს. ჩვენ ვნახეთ,  რომ განსახლების დროს,  მათ  ურთულეს პირობებში ამყოფებდნენ, მიჰყავდათ ისეთ ადგილას,  სადაც არ იცოდნენ რა პირობები ხვდებოდათ.  ყველა ის დახმარება,  რომელიც დევლინებისთვის იყო განკუთვნილი   ხელისუფლებამ თვითონ მოიხმარა.  „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან  სწორედ,  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის მოგვარებასა და  დევნილებისთვის ღირსეული პირობების შექმნას დაიწყებს, რომ ისინი ძალიან მალე  თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას განცხადებითვე, „ის  დარწმუნებულია, რომ  როდესაც „ქართული ოცნება“ მოვა ხელისუფლებაში  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მალე აღდგება“, - აცხადებს ბესელია.