„ახალი მემარჯვენები“ კამაპნია „არა მონოპოლიებს“ იწყებს

„ახალი მემარჯვენები“ კამაპნია „არა მონოპოლიებს“ იწყებს

პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ახალ კამპანიას - „არა მონოპოლიებს!“ იწყებს. ამის შესახებ პარტიის ერთ ერთმა ლიდერმა, ლევან კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კამპანიის მიზანია ხელისუფლებას მონოპოლიების ხელშეწყობასა და მისდამი ლოიალურ დამოკიდებულებაზე უარი ათქმევინოს. როგორც კალანდაძე აცხადებს, ქვეყანაში მონოპოლია არის - ძვირი წამალი, ძვირი საწვავი, ძვირი პროდუქტები და ზოგადად, გაძვირებული ცხოვრება, გართულებული ბიზნეს საქმიანობა. უმთვარესი კი, მისი თქმით, ის არის, რომ მონოპოლია უმუშევრობის პირდაპირი მიზეზია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ სწორად გაიგოს - ამ კამპანიით „ახალი მემარჯვენეები“ არ ვებრძვით ბიზნესს. ჩვენ ვებრძვით მონოპოლიას ბიზნესში და ფარულ გარიგებებს ხელისუფლებასა და მონოპოლისტ კომპანიებს შორის, რომლის მიზანსაც თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახის ბიუჯეტსა და ჯიბეში ხელის ჩაყოფით, ზემოგების მიღება წარმოადგენს“, - აცხადებს კალანდაძე.

მისივე თქმით, მონოპოლისტური მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლება საქართველოს ფარმაცევტული ბაზარია. კალანდაძე განმარტავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების 70 მწარმოებელი, ათეულობით იმპორტიორი კომპანია და 2 400 აფთიაქია, დღეს წამლებზე ფასებს მაინც 2 მონოპოლისტი კომპანია - „ავერსი“ და PSP აწესებს.

„ავერსი“ და PSP ახორციელებენ მედიკამენტების იმპორტს, მედიკამენტების ადგილობრივ წარმოებას და მედიკამენტების საცალო რეალიზაციას. ამას გარდა, ფლობენ სადაზღვევო კომპანიებსა და საავადმყოფოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნავს კალანდაძე.

როგორც „ახალი მემარჯვენეები“ მიიჩნევენ, რომ ფარმაცევტულ სფეროში ამგვარი მონოპოლია პირდაპირ აისახება მედიკამენტების ფასზე და თითოეული ჩვენგანის მიერ ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებში მედიკამენტების ხვედრით წილზე.

საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში და საშუალოდ 102%-ს შეადგენს. მაშინ, როცა წამლებზე საშუალო ფასნამატი იტალიაში 49%, საბერძნეთში 46%, ჩეხეთში 35%, პოლონეთსა და უნგრეთში კი, 27%-ია. ეს არის სწორედ მიზეზი, რომ წამლები საქართველოში ასე ძვირია და არც თუ იშვიათად ხდება, რომ ევროპაში რიგი მედიკამენტის შეძენა გაცილებით იაფად არის შესაძლებელი, ვიდრე საქართველოში“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ფონდი "კურაციოს", "მსოფლიო ბანკის" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული არაერთი კვლევის თანახმად, ევროპის ქვეყნებში მედიკამენტების 70% გაცილებით იაფი იყო ვიდრე საქართველოში. 
"ხელისუფლება პირდაპირ ახალისებს და ხელს უწყობს მონოპოლისტ კომპანიებს შეინარჩუნონ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა და შესაბამისად, სრულად აკონტროლონ და შეინარჩუნონ მაღალი ფასები წამლებზე. დღეს ხელისუფლება, მათ შორის არც ახალი პრემიერი და ახალი მთავრობა, არ საუბრობს და გაურბის ამ თემებს, რადგან ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ფასების და მოგების მაღალი მარჟების დაწესება უშუალოდ მათი და მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებში შედის", - აცხადებს კალანდაძე.