სასჯელაღსრულების სამინისტრო გლდანის ციხესთან  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო გლდანის ციხესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო გლდანის  მე-8  დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. ამასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ეს იყო „ცრუ“ ინფორმაცია, რომელიც მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

"6 ივლისს, ღამით, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია გლდანის №8 დაწესებულებასთან დაკავშირებით. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დაწესებულებაში ინციდენტის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და მიაჩნია, რომ პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სამწუხაროა, რომ გარკვეული სუბიექტები, მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისას, პატიმართა ოჯახების წევრების მდგომარეობას არ ითვალისწინებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ დაახლოებით, 23:35 საათზე, სოციალურ ქსელებში და ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ არეულობასა და დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის თაობაზე. საუბარი იყო ორ გარდაცვლილ პატიმარზეც.