„საია“  სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით დარეგულირების საკითხს  უარყოფითად აფასებს

„საია“ სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით დარეგულირების საკითხს უარყოფითად აფასებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  (საია)პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  გამოეხმაურა და კანონში ცვლილებების შეტანა  მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

საიამ მოუწოდა პარლამენტს თავი შეეკავებინა მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესთან დაკავშირებით იმგვარი საკანონმდებლო რეგულირების დაწესებისგან, რაც ვერ უზრუნველყოფდა პარლამენტის მიერ საკონტროლო ფუნქციების სათანადო განხორციელებას. თუმცა, კანონპროექტი პარლამენტის მიერ, გუშინვე, მეორე და მესამე მოსმენით იქნა მიღებული.

შესაბამისად, საია ყურადღებას  აღნიშნული კანონპროექტის მიღების ტემპებზე და  რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე ამახვილებს რამაც მათი თქმით, დაინტერესებულ მხარეებს არ მისცა შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა მის განხილვაში და წარედგინათ მოსაზრებები საკანონმდებლო ორგანოსთვის.

„აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა, რაც გულისხმობს მისი განხილვის დასრულების შესაძლებლობას ერთი კვირის ვადაში. თუმცა, დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა პარლამენტს არ ათავისუფლებს საკომიტეტო მოსმენების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან. რეალურად, პარლამენტმა კანონპროექტი განიხილა და მიიღო  2 დღის ვადაში, რაც თავისთავად ძალიან მცირე ვადაა საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზისა და შესაბამისი დისკუსიის გამართვისთვის. ამასთან, მეორე და მესამე საკომიტეტო მოსმენების შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობამ თავისთავად შეზღუდა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა აღნიშნულ პროცესებში, რაც ნეგატიურად უნდა იქნეს შეფასებული“, - ნათქვამია „საიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის მიღებისას დაიცვას რეგლამენტით დადგენილი პროცედურები, უზრუნველყოს საკანონმდებლო პროცესის საჯაროობა  და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა აღნიშნულ პროცესში.