ნორიკა ნიკოლაი: ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიის ნამდვილი გამოცდა იქნება

ნორიკა ნიკოლაი: ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიის ნამდვილი გამოცდა იქნება

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მომხსენებელმა და ევროპარლამენტის წევრმა ნორიკა ნიკოლაიმ ევროკავშირის პრეზიდენტს  ჰერმან ვან რომპეის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კლიმატთან დაკავშირებით და ფართოდ გავრცელებული შემაშფოთებელი პრობლემების შესახებ, გულახდილი და პირდაპირი საუბრისაკენ  მოუწოდა.  

მისი განცხადებით, ევროკავშირის უწყვეტი ურთიერთობა საქართველოსთან მოითხოვს ქმედებას და არა სიტყვებს საქართველოს მთავრობისაგან გამჭვირვალე დემოკრატიულიკონკურენციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ქალბატონმა ნიკოლაიმ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში  დებატები კარგი შესაძლებლობაა ევროკავშირისათვის, გამოხატოს საკუთარი მოლოდინი საქართველოს ხელისუფლების მიერ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მოკავშირეები კოალიცია „ქართული ოცნების“ 2 წევრი პარტია,   „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ არიან. 

ამ კვირაში, სტრასბურგში, ქალბატონი ნიკოლაი და ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE)  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მასპინძლობენ.

კოალიცია  „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სააკაშვილის მთავრობა  დაშინების, სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენებისა და პრესის თავისუფლების ხელყოფის მიზანმიმართულ კამპანიას ახორციელებს.

ადამინის უფლებათა დამცველმა წამყვანმა ორგანიზაციებმა საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო,  შეშფოთება გამოხატეს ხოლო მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ახლახანს მეტად კრიტიკული ანგარიში წარადგინა საქართველოსთან დაკავშირებით.

„ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიის ნამდვილი გამოცდა იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ქვეყანა წავა უფრო ჩამოყალიბებული პოლიტიკური გარემოსა და ძლიერი დემოკრატიის გზით, თუმცა თბილისში არის მინიშნებები, რომლებიც შეშფოთების საფუძველს იძლევა. ვან რომპეიმ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ზედმიწევნით ნათლად გადასცეს სააკაშვილს ევროკავშირის მოლოდინები საქართველოსთან დაკავშირებით. თავად სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში სწორედ მშვიდობიანი დემოკრატიული რევოლუციის წყალობით. ასე რომ, მას აკისრია პასუხისმგებლობა ამ არჩევნების ჩატარებაზე“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.