სააკაშვილი:  40-45 წუთი ვატარე მთავრობა ავტობუსით, რომ ენახათ თითოეული თქვენგანი რა გზას გადის ჭიათურისკენ და უკან

სააკაშვილი: 40-45 წუთი ვატარე მთავრობა ავტობუსით, რომ ენახათ თითოეული თქვენგანი რა გზას გადის ჭიათურისკენ და უკან

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და  მთავრობის განახლებული შემადგენლობა  ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში, სოფლის მოსახლეობის პრობლემების ადგილზე გასაცნობად ჩავიდნენ.

„ვერტმფრენი სპეციალურად აქ არ დავსვით და მთავრობის წევრები 40-45 წუთი ავტობუსით ამოვატარეთ, რომ პირადად ენახათ რა გზის გავლა უწევს ბევრ თქვენგანს ყოველდღე ჭიათურაში ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად“, - მიმართა სააკაშვილმა სოფლის ძველ სკოლასთან შეკრებილ ხრეითელებს და აქვე ხაზი გაუსვა იმას, რომ „სანამ თუნდაც ერთი მსგავსი სკოლა იარსებებს ქვეყანაში, ძნელია ილაპარაკო იმაზე, რომ განათლების რეფორმა ბოლომდე წარმატებულია“.

პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული სოფლის მსგავსად, ზემო იმერეთის ძალიან ბევრ სოფელში არ არის გაყვანილი წყალი და მოსახლეობას კილომეტრებიდან წყლის მოტანა უწევს.

პრეზიდენტის თქმით,  ჭიათურაში ძალიან კარგი, დარბაისელი და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს.

„ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის, რადგან ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი ჭიათურაში მაქვს გატარებული და არც ერთი წყობის დროს აქაურობას არაფერი ეშველა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ხრეითელებს  პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც  მიმართა. მან ხრეითელებს მთავრობის ახალი პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ  ახალ მინისტრთა კაბინეტს სამი ძირითადი პრიორიტეტი აქვს:  უმუშევრობასთან ბრძოლა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ყველასთვის და სოფლის მეურნეობის განვითარება.

„ხელისუფლება ბიუჯეტიდან სერიოზული თანხების დახარჯვას აპირებს იმისთვის, რომ დოვლათი შეიქმნას, გაძლიერდეს სოფელი და ყველა სოფელს გზა, წყალი, გაზი და ინტერნეტი ჰქონდეს“, - განაცხადა მერაბიშვილმა.